ირაკლი ღარიბაშვილი: წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით და უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, გეგმები, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კუჭავაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვისაც გულდასაწყვეტი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კახამ მიიღო და ეს მისი გადაწყვეტილებაა. მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით და უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, გეგმები, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვას მინდა წარმატება ვუსურვო. იგი არის უაღრესად განათლებული, წესიერი, კვალიფიციური კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. მჯერა, რომ იგი იქნება პარლამენტის წარმატებული და ეფექტური თავმჯდომარე.
შეიძლება ამას დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი. საბოლოო ჯამში, გუნდი არის ერთიანი, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის გუნდი. აქ პიროვნებებზე ნაკლები აქცენტი უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებული წელი გვქონდა. ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი იყო წლის დასაწყისში არსებული ვითარება, ეპიდსიტუაცია, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია – პარლამენტი იყო პარალიზებული, ქვეყანა იყო მუდმივი საბოტაჟის წინაშე – არჩევნები, ეს გამოცხადებული რეფერენდუმი. დღეს თუ შევაფასებთ სად ვართ და კიდევ ერთხელ შევაფასებთ როგორ გავიარეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მართლა წარმატებულ წელი იყო.

წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას რეალურად მივეცით არჩევნის საშუალება. უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. არჩევნები მოვიგეთ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში და ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში. დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ყოველგვარი სპეკულაცია და რეალურად ყველა კითხვა მოიხსნა შესაძლო, თეორიულ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ თითქმის 47% და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნები.

რაც მთავარია, არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ საკმაოდ დიდი პროვოკაცია და სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ დეტალურად ვიცოდით მათი გეგმების შესახებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – პერსონალური მონაცემების მიმართულება ცალკე გამოიყოფა და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური