ირაკლი ღარიბაშვილი: მამაუკა ხაზარაძე ბანდიტი სააკაშვილის მორჩილი იყო

ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება და არსებული სიტუაციის განცდა.

„მათ ჰგონიათ, რომ ისევე, როგორც ატყუებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამწუხაროდ და საუბედუროდ, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე ეგონათ, რომ მოატყუებდნენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო, დაეჯერებინა ის ფარსი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ ბანდიტი მთავარი დამნაშავის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებისა. ღამის 02:00-03:00 საათზე, მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი“ ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის ფიქტიურად გაცემა, შემდეგ იმ თანხას სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს და ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა. ათობით და ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაზარალებულია და ისინი ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ვიხილეთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია, რა კომენტარი შეიძლება ამაზე გავაკეთო, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება.

„ისინი საკუთარ თავს ატყუებენ, აჯერებენ და შემდეგ ცდილობენ, ერთგვარი განცდა შექმნან, მათ შორის უცხოელების თვალში, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ერთგვარი ჩანასახი გააკეთეს თუ რაღაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი და ცხადია ყველასთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

 

წინა სტატიაშიიოსებ ხახალეიშვილი – უახლოეს პერიოდში ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული