ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ“, – აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით – მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების გადამზადებას განაგრძობს
შემდეგი სტატიარადიკალური ოპოზიციის გათვლით, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოჰყვეს მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ქვეყნის ომში ჩართვა – კობახიძე