ირაკლი ბებუას მკაცრი სასჯელი სეპარატისული რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის დარღვევით გამოუტანეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 10, 2020 17:38

ირაკლი ბებუას მკაცრი სასჯელი სეპარატისული რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის დარღვევით გამოუტანეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია აპროტესტებს გალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აფხაზეთის მკვიდრს ირაკლი ბებუას ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.
იყო თუ არა ირაკლი ბებუას პროტესტი სავსებით სამართლიანი და ბუნებრივი, ეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული პრობლემის შემადგენელი ნაწილია და ამაზე მსჯელობა სხვა სივრცესა და გარემოში, კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარების სრულყოფილი ანალიზის კონტექსტში უნდა გაიმართოს. ამჯერად კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვხატოთ უკიდურესი პროტესტი სეპარატისული რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის დარღვევითაც კი გამოტანილი უმკაცრესი სასჯელის გამო. მათ გამოგონილი სისხლის სამართლის კოდექსით ირაკლი ბებუას ბრალი დაუმძიმეს და მაშინ, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობით სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მას სამაგალითო ცხრა წელი მიუსაჯეს.
მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ძალის დემონსტრირებით, ოკუპანტი ქვეყნის მიერ ამგვარი ქმედებებისათვის წახალისებით, საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის დატერორებას, დაშინებას, რათა ყოველგვარი პროტესტის გამოხატვის ნება ჩაუხშონ და მათ მიმართ განხორციელებულ არადამიანურ მოპყრობას, ქართულ ენაზე განათლების, ლაპარაკის, მშობლიურ მიწაზე საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით ცხოვრების აკრძალვას, მონური მორჩილებით შეეგუონ.
სავალალო ის არის, რომ ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზთის დე ფაქტო ხელისუფალნი გულმართალი ირაკლი ბებუას უბოროტო საქციელზე ასე სასტიკად რეაგირებენ, ხოლო რეალურ ბოროტებას, რაც რუსეთის მიერ საერთო ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნის საბაბით, ღიად და საჯაროდ აფხაზეთის სრულ ანექსიას წარმოადგენს, მდუმარედ აწერენ ხელს.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების, უპირობო გათავისუფლების საკითხით დაინტერესდებიან და კონკრეტულ ზომებს ოპერატიულად მიიღებენ, ხოლო ჟენევის საერთაშორისო ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებაზე – მკაცრი განხილვის საგანი გახდება“,- აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 10, 2020 17:38