იოსელიანი – „ქართული ოცნების“ აქციისთვის არ მისმენია, ალეკოს ჭაჭას ვხდიდი

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ აქციაზე მყოფი მოქალაქისთვის კითხვის დასმა იმის თაობაზე, აქციაზე დასწრებისთვის რამდენი გადაუხადეს, შეურაცხმყოფელია და მიუღებელია.

„ქართული ოცნების“ აქციისთვის არ მისმენია, ალეკოს ჭაჭას ვხდიდი, ვხუმრობ. აქციის მოსმენა ვერ შევძელი, რადგან მეგობართან ვიყავი, მაგრამ აქციების არმოსმენა რაიმე დანაშაულია? ვალდებული ვარ, ვუსმინო? საღამოს სატელევიზიო სიუჟეტები ვნახე, სადაც ადამიანებთან მიდიან და ეკითხებიან, რამდენი გადაუხადეს, თან იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები, ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ამის მიზანია, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, გასაგებია, მაგრამ თუ მართლა გინდა, მოვლენა გააშუქო, მოქალაქეებს ასეთი კითხვები არ უნდა დაუსვა და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ორივე მხარე თანაბრად ცოდავს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ანალოგიური რაღაცები ვნახე, ოღონდ, სხვა ტელევიზიების მიერ მომზადებული. თუ საკუთარი მოქალაქეები ასე არ გიყვარს და ასეთი ბულინგისთვის გემეტება, ეს იმ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინც ამას აკეთებს. შეიძლება, პატარა გოგო ჭაღარათმიან ქალთან მოვიდეს და ჰკითხოს, რამდენი გადაგიხადესო? ალბათ, ვიღაცას გადაუხადეს და ამის კითხვა უხერხული არ არის, მაგრამ გააჩნია, ფორმას, შეურაცხყოფა და კითხვის დასმა სხვადასხვა რამეა. კითხვის დასმა ისე შეიძლება, რომ ადამიანის ღირსება არ შეილახოს. არ ვკამათობ, რომ ვინმესთვის თანხის გადახდა არ ხდება, ვინ დაიჯერებს, რომ რომელიმე მხარეს ეს არ ხდება და ცნობილია, რამდენს და როგორ ხარჯავენ, მაგრამ შეჯიბრი ადამიანის თბილისში ჩამოყვანაში უნდა დასრულდეს. აქცია არის, როცა ადამიანები სპონტალურად გამოდიან, რაღაცას გულწრფელად ითხოვენ და პროტესტს გამოხატავენ. თბილისში ასე ორგანიზებულად ხალხის ჩამოყვანა, აქცია არ არის. განსხვავებული რა გავიგეთ? – შედეგები ვერ შეიცვლება, ვიცით, რომ ორივეს ამ ქვეყანაში მხარდამჭერები ჰყავთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – „ნაცმოძრაობას“ არც ერთი სცენარის პირობებში არ მივცემთ ჩვენი მოსახლეობის დაზარალების საშუალებას
შემდეგი სტატიაესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა