“ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვს”

“ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვს”
ზაალ კასრელიშვილი: “მაგასში მიმდინარე აქციები კავკასიაში ბევრ რამეს შეცვლის”

რა ხდება ინგუშეთში, აქვთ თუ არა უფლება ინგუშებს, შეუერთდნენ საქართველოს, დაკარგავს თუ არა კრემლი კავკასიას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

– კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის, კავკასიურ დიასპორათა ევროპული წარმომადგენლობის და კავკასიის სახალხო ფორუმის სახელით მინდა, ინგუში ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. უფლებამოსილი ვარ მათ ვუთხრა – ძმებო ინგუშებო, თქვენ მეორედ გააკვირვეთ ცივილიზებული სამყარო თქვენი პოლიტიკური სიმწიფით და დიპლომატიით.
სადავო მიწების თემით კრემლმა უკვე მეორედ სცადა ინგუშების და ჩეჩნების გადაკიდება. მადლობა ღმერთს, ინგუშები ორჯერვე მობილიზებული აღმოჩნდნენ და პროვოკაციას არ წამოეგნენ. ისინი ჩეჩნებს კი არ დაუპირისპირდნენ, არამედ კრემლს ინგუშეთის ხელისუფლების გადაყენება მოსთხოვეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, შემკვეთისგან შემსრულებლის დასჯა მოითხოვეს. ამით ორივე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს.
ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მიმდინარე აქციებმა აჩვენა, თუ რა დიდებული ინტელიგენცია ჰყოლიათ ინგუშებს.
– ჩვენი ინტელიგენციისგან განსხვავებით, ინგუშეთის ინტელიგენცია ყოველთვის ხალხის და ქვეყნის სადარაჯოზე დგას.
– ეს ამ დღეებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. ისინიც კი ხალხის მხარეს დადგნენ, ვინც წითელ ინტელიგენციად მიაჩნდათ.
გასული საუკუნის 90-იან წლებში მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ თავისუფლების იდეის გარშემო ერთ მუშტად შეკრეს ქართველობა, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.
კრემლი და ის ქვეყნები, რომლებსაც კავკასიაზე გავლენების მოპოვება სურდათ და ახლაც სურთ, ქართველების გაერთიანებით ძალიან შეშინდნენ.
– რატომ შეშინდნენ?
– ისტორიულად ცნობილია, როცა ქართველები ერთად ვიდექით, ცხვირ-პირს ვუნაყავდით ყველას. კიდევ ვინმესთვის რომ არ დაგვენაყა ცხვირ-პირი, გათიშე და იბატონეს ტაქტიკა ამუშავდა და ქართველები ერთმანეთს გადაკიდეს.
სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ომები რომ გამოგვატარეს, ამის შემდეგ გადაწყვიტეს ჩვენთვის ზურგიც მოეშალათ და ჩრდილოეთ კავკასიისთვის ევროპისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ.
ასევე სცადეს ქართველების გადაკიდება ჩეჩნებთან და ინგუშებთან, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ.
– ჩეჩნები გადაგვკიდეს. ინგუშები ვერა.
– ინგუშები იმიტომ ვერ გადაგვკიდეს, რომ ეს ხალხი ყოველთვის პოლიტიკური სიმწიფით გამოირჩეოდა. ისინი პატივს სცემენ სახალხო დიპლომატიას და სხვის შეცდომებზე სწავლობენ.
რამდენიმე დღის წინ კრემლმა მეორედ სცადა ინგუშების და ჩეჩნების გადაკიდება. მაგასში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ძალოვნები შეუსიეს. ერთ-ერთმა ინგუშურმა ქვედანაყოფმა დარბევაზე უარი თქვა და ხალხის მხარეს გადავიდა. ამის შემდეგ კრემლმა მაგასის ცენტრში პროვოკატორები გააგზავნა. მათ აქციის მონაწილეებს რაღაცები ესროლეს. მათ ვალში არც აქციის მონაწილეები დარჩნენ.
ამ ინციდენტის მეორე დღეს უხუცესებმა აქციაზე ახალგაზრდები აღარ გამოუშვეს და თავად დადგნენ რესპუბლიკის მთავარ მოედანზე. ამით ახალგაზრდულ ვნებებსაც გადაეფარნენ და წინა დღის გამოხდომებიც გადაფარეს. თან კრემლს უთხრეს, ტერიტორიების ხელყოფას ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ახალგაზრდების ხულიგნურ გამოხდომებზე აქცენტს ნუ აკეთებთ, ამის გამო აქ ჯარს არ შემოგაყვანინებთო.
– ინგუშეთის ახლანდელი მეთაური რუსეთის დავალებების შემსრულებელია. ის რუსული არმიის გენერალია და ალბათ მისთვის წმინდაა კრემლის მიცემული დავალება. რუსული არმიის გენერალი იყო ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევიც, მაგრამ ის ინგუშების წინააღმდეგ არასდროს წასულა. რატომ ვერ ახერხებს ამას ევკუროვი?
– აუშევი ჩვეულებრივი გენერალი არ არის, ის საბჭოთა კავშირის გმირია. იუნუს ბეკ ევკუროვიც დამსახურებული სამხედრო მოღვაწეა. არარუსს და, მით უმეტეს, კავკასიელს, გენერლის და გმირის წოდება რომ მიეღო, მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე სამხედრო პირი როგორც სიმამაცით, ასევე ტაქტიკით.
– რატომ გგონიათ, რომ კავკასიელებს გენერლობას არ აძლევდნენ, ოსებს ძალიან მარტივად ანიჭებდნენ გენერლობას. საბჭოთა კავშირის გმირები ოხრად ჰყავთ, ზოგიერთი ორგზის გმირადაც კი გამოაცხადეს.
– ოსებს და სომხებს მართლა იოლად აძლევდნენ გენერლობას, მაგრამ ეგენი კავკასიელები არ არიან. ორივე ეთნოსი მოგვიანებით დასახლდა კავკასიის ტერიტორიაზე.
ოსების მიმართ რუსებს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ვლადიკავკაზი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქად მაშინ გამოაცხადეს, როცა იქ სულ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. ძირითადად მოსახლეობას ინგუშები, ქართველები და მოხევეები შეადგენდნენ.
– მოხევეები ქართველებში არ გადიან?
– როგორ არ გადიან. მინდოდა მეთქვა, რომ ქართველებიდან მოხევეები სახლობდნენ ძირითადად. ოსებზე მეტნი იყვნენ მთიულებიც. ვიღაცას შეიძლება აღარ ახსოვს საქართველოს ისტორია და მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ გვიან პერიოდამდე ლარსი, ჩიმი და ბალთა საქართველოს ტერიტორია იყო.
ვაკონტროლებდით რა ამ დასახლებულ პუნქტებს, ქართველები და ინგუშები პირდაპირ ესაზღვრებოდნენ ერთმანეთს.
რაც შეეხება აუშევს და ევკუროვს, მათი შეფასებებით მკითხველს არ დავღლი, უბრალოდ, ერთ კითხვას დავსვამ – შევარდნაძეც ქართველი იყო და მერაბ კოსტავაც. ერთმა საქართველოს შესწირა თავი, მეორემ – არა. ასე არიან აუშევი და ევკუროვი.
ევკუროვი ხომ რუსეთის დავალებების შემსრულებელია, მაგრამ ამ დროს მისი ალალი ბიძაშვილები მაგასში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერები იყვნენ.
– რა კარგი ბიძაშვილები ჰყოლია ამ ცუდ კაცს.
– სასწაული ხალხი გამოდგა ეს ინგუშები, მთელი მსოფლიო გააოგნეს. სულ რაღაც 500.000 არიან, დამოუკიდებლები არასდროს ყოფილან და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამხელა პოლიტიკური კულტურა ექნებოდათ. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წამყვანი პოლიტოლოგები აღფრთოვანებით აღნიშნავენ, რომ მცირერიცხოვანმა ინგუშებმა კრემლს ჭადრაკი ეთამაშეს და რამდენიმე დღეში საყაიმო შეუქმნესო.
თავისი მოსაზრებები მეც გამიზიარეს და მეკითხებოდნენ, სად ისწავლეს ასეთი პოლიტიკური კულტურა. სიამაყით ვუთხარი, რომ ამას ოქსფორდში ვერ ასწავლი ადამიანს, უბრალოდ, გულწრფელად უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, ღირსების გრძნობა უნდა გქონდეს და სამართლიანი იყო მსჯავრში.
იმ დღეებში ახალგაზრდებს რაღაც შეეშალათ, მაგრამ გამოვიდნენ უხუცესები, კრემლს სერიოზულად გაურჩიეს საქმე და უკანაც დაახევინეს.
– კრემლის გარდა ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვსაც კარგად გაურჩიეს საქმეები.
– საქმეებიც გაურჩიეს და უკანაც დაახევინეს. ამ ამბების მერე მას ძალიან ცუდად აქვს საქმე და შეიძლება სიტუაცია აუყირავდეს.
– ჩეჩნეთში კადიროვის წინააღმდეგ დაიწყება გამოსვლები?
– ჩეჩნეთში, გასაგები მიზეზების გამო, კადიროვის წინააღმდეგ გამოსვლები ვერ დაიწყება, მაგრამ ჩეჩნეთის გარეთ მცხოვრები ჩეჩნები უკვე ღიად გამოხატავენ კადიროვის მიმართ პროტესტს.
მაგასში მომხდარის შემდეგ, კრემლის მეხოტბე პოლიტიკოსებიც კი დადუმდნენ, ისინიც ვერაფერს ამბობენ. ისინიც აღფრთოვანებული არიან.
– ინგუშებმა მაგარი რამე გააკეთეს და ამით რუსებიც კი აღაფრთოვანეს. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ერთი განცხადება მაინც რატომ არ გააკეთეს. დავიჯერო, ერთი პოლიტიკოსი ქალის სექსუალური თავგადასავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს საზღვრებთან მიმდინარე პროცესები?
– პოლიტიკური სიმწიფე გვაკლია და რატომ გიკვირთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვა უფრო საინტერესოა ვიღაცებისთვის.
ინგუშეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთი კი არა, ათასი განცხადება უნდა გაკეთებულიყო საქართველოში. ქართველ პოლიტიკოსებს კრემლისთვის პირდაპირ უნდა ეთქვათ, რომ თუ მოძმე ინგუშეთში სისხლს დაღვრით, ჩვენგანაც მიიღებთ პასუხს. უნდა ეთქვათ, ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენს ძმებს მაინც დავიცავთ.
– ინგუშებს ჩვენგან დაცვა ნამდვილად ეკუთვნის. მათ აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე ოფიციალურად და საჯაროდ თქვეს უარი. ჩვენ წინააღმდეგ ერთადერთი ინგუში მონაწილეობდა, ეს ევკუროვი იყო. ის საკუთარი ხალხის სისხლის დასაღვრელად არის მზად და რა გასაკვირია, რომ ჩვენ წინააღმდეგ აიღო ხელში იარაღი.
– განცხადებები საქართველოს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უნდა გაეკეთებინა. დასავლეთმა რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგა. ინგუშების გამო კრემლისთვის პირდაპირ არ დაურტყამთ, მაგრამ რუსებს ამბავი გამოუგზავნეს, პუტინის 200 მილიარდს მივაგენითო.
კავკასიაში ეს პროცესები აღარ გაჩერდება. მაგასში მიმდინარე პროცესები ჩვენს რეგიონში ბევრ რამეს შეცვლის.
ევკუროვთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი მინდა გითხრათ. რამდენიმე თვის წინ საქართველოში მისი ახლო ნათესავები იყვნენ ჩამოსულები. ისინი თავიანთი გვარის წარმომავლობის დადგენას ცდილობდნენ. ამ ძიებაში გაარკვიეს, რომ მათ ქართველი ნათესავები ჰყოლიათ.
მალე ყველაფერი შეიცვლება და იუნუს ბეკ ევკუროვი ინგუშეთში ფეხს ვეღარ ჩაადგამს.
მინდა თქვენს მკითხველს გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურული გავახსენო. ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ამ პერიოდში დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა.
ამ მოძრაობას სათავეში ისა ქოძოევი და იდრისოვი ჩაუდგნენ. მათი დახმარებით ჩავიდა გროზნოში ჯოხარ დუდაევი.
დარწმუნებული ვარ, რომ ინგუშები მიწებსაც შეინარჩუნებენ და ევკუროვსაც მშვიდად გაისტუმრებენ.
– წლების წინ ინგუშებმა ასევე გაისტუმრეს ევკუროვის წინამორბედი ზიაზიკოვი, ისიც კრემლის ყურმოჭრილი ყმა იყო.
– ზიაზიკოვი მშვიდობიანად გაისტუმრეს. მაშინაც პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინეს და არასასურველი პერსონა წელსქვევით დარტყმების გარეშე გაუშვეს.
– ინგუშებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, ბოლო მოვლენების მერე კიდევ უფრო დავაფასე ეს ხალხი. რუსეთის იმპერიაში ცხოვრობენ, ჩვენზე ბევრად მცირერიცხოვანნი არიან და კრემლის ნებას არ დასდევენ. ჩვენ რამ დაგვაჩიავა ასე, რომ რუსული ოკუპაციის გაპროტესტებასაც ვერ ვბედავთ.
– რამ დაგვაჩიავა და ომებმა, რაც ჩვენ გადავიტანეთ. სამოქალაქო ომმა დიდი დაღი დაგვასვა ქართველებს. ამიტომაც ვიკავებთ ალბათ თავს. თან კეთილმოსურნეებმა ერთმანეთთან დაგვაპირისპირეს და ერთად დადგომას ვეღარ ვახერხებთ. იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენც ვიტყვით ჩვენს სათქმელს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო ინგუშებისთვის მაინც მისაბაძი ქვეყანაა. იმ აქციაზე გაჟღერდა, რომ ინგუშეთი საქართველოს უნდა შეუერთდეს.
– ბევრმა ეს პროვოკაციად ჩათვალა.
– რატომ არის ეს პროვოკაცია. ინგუშებს სრული უფლება აქვთ, რომ საქართველოს შემადგენლობაში შესვლა მოითხოვონ. 68.000 აფხაზს და 34.000 ოსს თუ აქვს თვითგამორკვევის უფლება, 500.000 ინგუშს და 1.500.000 ჩეჩენს რატომ არ უნდა მიეცეს ამისი შანსი?!
თან ერთი რამეც გაითვალისწინეთ, ოსების და აფხაზებისგან განსხვავებით, ინგუშები და ჩეჩნები აბორიგენი მოსახლეობაა და თავიათ მიწაზე ცხოვრობენ.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიახალი შესაძლებლობა ქალებისთვის, რომლებიც ტექნიკური მიმართულების პროფესიულ პროგრამებს ეუფლებიან
შემდეგი სტატიათბილისში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს