ილიაუნის სტუდენტები რექტორსა და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ორკვირიან ვადას აძლევენ, რათა ახალი ფაკულტეტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორსა და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ორ კვირიან ვადას აძლევენ, რათა ახალი ფაკულტეტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სტუდენტმა მარიამ ჯომიდავამ უნივერსიტეტის რექტორთან და აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯომიდავამ აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია შეწყვეტენ თუ არა სტუდენტები შიმშილობას.

„შიმშილობას შევწყვეტთ თუ არა არ ვიცით, ვინაიდან ეს 10 ადამიანი არ ვართ მხოლოდ, ვინც ვშიმშილობთ და ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. მოთხოვნები რაც გვქონდა, წარვადგინეთ, განვიხილეთ. აღფრთოვანებული ვარ იმ მიმღებლობით, რაც დღეს დავინახე. ეს მიმღებლობა მანამდე რომ დაგვენახა, პროტესტის ამ ფორმას არ მივმართავდით.

რაც შეეხება შედეგს, სიტყვიერად მივაღწიეთ იმას, რომ ვიფიქრებდით ტექონოლოგიებისა და ბიზნესის პროგრამების გაერთიანებაზე. იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების პროგრამები და ამაში ავტონომიურობა ექნება ბიზნესის ფაკულტეტს. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელზეც შევთანხმდით. საკითხი განიხილება მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში. შემდეგი შეხვედრა არ ვიცით როდის იქნება, რადგან პირველ შეხვედრაზე მიღებულ შეთანხმებას გვინდა წერილობითი ფორმა ჰქონდეს, რომ ყველა სტუდენტი დავაჯეროთ, რაღაც შეთანხმებაზე მოდიან და ჩვენც არ გვჭირდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ამ წერილობითი ფორმის მერე ვისაუბრებთ სტუდენტები რა გავაკეთოთ.

დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ბრენდის რებრენდინგი ვერ მოხდება ერთ თვეში. ამის განხილვა ვერ მოხდება ერთი სემესტრის მერე, რადგან მეოთხე კურსელები უკვე ასრულებენ და იღებენ რებრენდინგის შედეგს, დიპლომს; ჩვენ ვერ დაველოდებით ერთ წელს, ამიტომაც ყველაზე გონივრული ვადა მიგვაჩნია ორი კვირაა. ჩვენი მოთხოვნაა ბიზნესისა და ტექნოლოგიების გაერთიანება, ვინაიდან არ დაიკარგოს ბიზნესი, როგორც ბრენდი და არც შინაარსი დაიკარგოს, რამხელა კვეთაა ბიზნესსა და ტექნოლოგიებს შორის. ჩვენი მხრიდან, ჩემი აზრით, ეს არის უკვე კომპრომისი, რადგან ჩვენი პირველადი მოთხოვნა იყო ბიზნეს სკოლა, თუმცა არ ვსაუბრობთ ულტიმატუმებით. არ ვიცით გადაწყვეტილება როგორი იქნება, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ ამაზე იმსჯელებენ”, – განაცხადა მარიამ ჯომიდავამ.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მოსამართლეების
შემდეგი სტატია“განხილვას მაინც ვერ გაექცევიან, მაგრამ დროში წელავენ” – გოგიჩაიშვილი ბესელია ინიციავაზე