თუ შევძლებთ, სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
„ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, – ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.
უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა.
ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომები სიბრძნის ულევი წყაროა.
გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.
გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17- 21).
მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველსაგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა.
ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ.
კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.
როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?
თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.
იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.