იაპონიის ელჩი – იმედი გვაქვს, საქართველოში მხარეები შეთანხმდებიან

იაპონია და საქართველო იზიარებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იმამურა აკურამ განაცხადა, რომელიც დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობს.

ამასთან, იმამურა აკურა იმედოვნებს, რომ საქართველოში მხარეები შეთანხმდებიან და დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს.

„დიდი სურვილი გვაქვს, დავინახოთ საქართველოში სტაბილურობა. იმედი გვაქვს, მხარეები შეთანხმდებიან და დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს, რათა მცდელობა იყოს მეტი სტაბილურობისკენ. სტაბილურობა არის საკვანძო ნაწილი როგორც დემოკრატიაში პროგრესისთვის, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ ბიზნესგარემო კიდევ უფრო განვითარდეს. იაპონიის ინვესტორები დიდი ინტერესით აკვირდებიან მსოფლიოში სხვადასხვა მოვლენას, ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, მხარეებმა დიალოგის გზით მიაღწიონ შეთანხმებას და სტაბილურობას.

მე უშუალოდ არ ვარ ჩართული დიალოგში, შესაბამისად, არ შემიძლია, ვისაუბრო დიალოგის დეტალებზე. თუმცა, კიდეც ერთხელ განვმეორდები, რომ სტაბილურობასა და დაძაბულობის მოხსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა როგორც დემოკრატიაში გვქონდეს პროგრესი, მაგრამ გარდა ამისა, ევროატლანტიკურ პროცესში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სტაბილურობა უცხოური ინვესტიციებისთვის, ასე რომ ძალიან ვგულშემატკივრობ იმას, რომ ნებისმიერი პროგრესი ამ დიალოგში იქნეს მიღწეული“, – განაცხადა ელჩმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა სტუმრობს. ელჩი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ – წარმატებები და გამოწვევები“, ასევე, ელჩმა დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.

banner
წინა სტატიაშიკონგრესში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, აშშ უკრაინას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიავაშაძე – ხელისუფლება ყურების ახევას მიიღებს იმაზე, რაც გააკეთა