ჰარცელი: ვფიქრობ, შესაძლებელია შეთანხმება გამოიძებნოს და ქვეყანა კრიზისიდან ძლიერი გამოვიდეს

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა არსებობს.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტიებთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, რათა ორივე მხარეს პოზიციების დაახლოება მოხდეს.

ამასთან, ევროპელი დიპლომატის თქმით, ის ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ თანამშრომლობას დადებითად აფასებს. ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა.

“ერთი კვირა გვაშორებს იქამდე, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, თუმცა ამას დრო გვაჩვენებს. უწყვეტად ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან, იმისთვის რომ შეძლებისდაგვარად მეტ პროგრესს მივაღწიოთ და ვიპოვოთ გამოსავალი. ბოლო 24 საათია, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარეს. ისინი ცდილობენ იმ პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ დისკუსიას უფრო მეტად წაწევს წინ, საერთო პლატფორმისკენ. ეს არის ის რასაც ველით. ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმება გამოიძებნოს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოთქმულ პრობლემებს გადაჭრის და ამავდროულად დავრწმუნდეთ რომ ქვეყანა შეძლებს კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს. ჩვენ, როგორც შუამავლები, ისევ პარტიების განკარგულებაში ვართ და ვნახავთ, მომდევნო დღეებში ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემთვის და ჩემი ამერიკელი კოლეგისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება იმის მოსმენა, თუ რა შეთავაზება აქვთ. ჩვენ მოვუსმენთ და გვექნება დისკუსია ამის საფუძველზე. ვნახავთ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვაფასებ ოპოზიციის აქტიურ ერთობლივ თანამშრომლობას, რომელიც, ვიმედოვნებ, განსხვავებული პოზიციების დაახლოებისკენ არის მიმართული”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტულ პარტიაში“ არ აკონკრეტებენ, რატომ არ ესწრებოდა შალვა ნათელაშვილი ელჩებთან დღევანდელ შეხვედრას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად, ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრას ამჯობინებს