H1N1 ტიპის ვირუსით ბოლო პერიოდში ორი ადამიანი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, ღორის გრიპით გარდაცვლილ სამი შვილის დედას, ცოტა ხანში პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენებენ. 39 წლის სოფელ თორტიზაში მცხოვრები ქალი, გორის კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მისი გადარჩენა კი ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. გორის კლინიკურ საავადმყოფოში მისვლამდე, ოჯახს პაციენტი სხვა კერძო კლინიკაში ჰყავდა გადაყვანილი, სადაც ის არ მიიღეს.

გორის კლინიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტი სუნთქვის უკმარისობით შევიდა საავადმყოფოში და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს თუმცა, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების ოპერატიული მორიგეს, გიორგი ჯავახიშვილის განცხადებით, თერაპიულ და ინფექციურ განყოფილებებში ადგილები არ არის.

„იყო სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში. დაწყებული არის შესაბამისი მკურნალობა, დინამიკაში განვითარდა სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც, გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში უკვე სხვა კლინიკაში. მას ჰქონდა პრობლემები გამოწვეული იმიდან, რომ მას ჰქონდა გულის პრობლემები და ერთ-ერთი მიზეზიც გართულების იყო გულის პრობლემა. სავსე არის თერაპიული და ინფექციური განყოფილებები და ჩვენთან სტაციონარში ვერ მოხერხდა მისი მოთავსება,“ – განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.

ახლობლები ქალის გარდაცვალების მიზეზად ვირუსს გამორიცხავენ ადა ამბობენ, რომ მას ფილტვების ანთება ჰქონდა.

„ერთი კვირა იყო გაციებული, ახველებდა და გადაეზარდა ეს ყველაფერი ფილტვების მწვავე ანთებაში… თვითონ პაციენტი მკურნალობდა სახლში, ფილტვების ანთება დაეწყო და მაგის გამო დაიღუპა,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

H1N1 ვირუსის შემთხვევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა, მათ შორის, ზუგდიდშიც, სადაც აღნიშნული ვირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი H1N1 ვირუსის მატარებელი 5 პაციენტია მოთავსებული. კლინიკური დირექტორის, ნანა ოდიშარიას თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთის მდგომარეობა მძიმე არის, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის მოთავსებული, დანარჩენი საშუალო სიმძიმით განყოფილებებში. ერთი, რომელიც რეფერირებული იქნა თბილისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა. შემთხვევა დადასტურებული იყო, იყო H1N1 ვირუსის მატარებელი და ორი შემთხვევა გამოჯანმრთელებული და გაწერილი ბინაზე,“ – ამბობს ნანა ოდიშარია.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – გუნდი თანხმდება მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია