მამუკა მდინარაძე – გუნდი თანხმდება მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია

მოსამართლეების საკითხის დაკავშირება იმ თემასთან, რომ ვიღაც აირჩიეს პროცედურის დარღვევით, გუნდთან შეუთანხმებლად, არ იქნება სწორი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფრაქციის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის განსახილველად მმართველ გუნდს ბევრი დრო აქვს.

„არავინ მარცხდება და იმარჯვებს. არ ვაპირებ დღეს ძველ მიზეზებზე ვისაუბრო. ბოლო დროს განვითარებული თემების დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არ არის სწორი და მართალი. მოსამართლეების საკითხის განსახილველად ჩვენ ბევრი დრო გვაქვს. საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო ეს საკითხი. ვიმსჯელებთ გუნდში. გუნდი თანხმდება მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის შესანარჩუნებელი. სხვათა შორის, თავის დროზე, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდით, ვენეციის კომისიამ თქვა და შენიშვნებშიც კი დაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებები არ უნდა გადაიხედოს პარლამენტის მიერ. ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ვინც ვთქვით, რომ მიუხედავად ამისა, საპარალამენტო ფილტრი ​მაინც სჭირდება. ჩემი აზრით, ეს არის პასუხი ყველაფერზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა უმრავლესობის პოზიციას.

„ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია და რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაშიც. პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიH1N1 ტიპის ვირუსით ბოლო პერიოდში ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაექპერტიზის ბიუროს ექსპერტები თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ, ცდილობენ საქმეს მეტი ბუნდოვანება შესძინონ