იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილიც განიხილება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაუდასტურა.

როგორც მან ჟურნალისტებს ფრაქციის სხდომის შემდეგ განუცხადა, გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს, ხოლო პირველი მოადგილის წარდგენის შესაძლებლობა კი, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს.

„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მაგრამ წინასწარ ამაზე საუბარი არ შეიძლება, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა“, – განაცხადა მდინრაძემ.

რაც შეეხება კითხვას ვანო ზარდიაშვილის შესახებ, მდინარაძის თქმით, ზარდიაშვილი კომიტეტის წევრია და მისი ინფორმაციით, სამომავლოდ, ამ თანამდებობაზე პრეტენზიის გამოთქმას არ აპირებს.

„ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია. მან პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლაზე დაწერა განცხადება და მე როგორც ვიცი, არ აპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რამე პრეტენზია განაცხადოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მისი არჩევის საკითხის გუნდთან შეუთანხმებლობა და რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევა იყო.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია.

banner
წინა სტატიაში,, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ვინაიდან ეკა ბესელია არ ესწრებოდა სხდომას, მასზე არ გვესაუბრა”
შემდეგი სტატიაH1N1 ტიპის ვირუსით ბოლო პერიოდში ორი ადამიანი გარდაიცვალა