გვექნება ხშირი კონსულტაციები, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მას, ჩვენ დავეხმარებით მას – მდინარაძე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე

„ჩვენ გვექნება ხშირი კონსულტაციები, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მას, ჩვენ დავეხმარებით მას,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

მდინარაძის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილს გუშინაც შეხვდნენ.

მდინარაძე აცხადებს, რომ რადგანაც ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატია, მასთან კონსულტაციებს ხშირად გამართავენ.

„დაგიდასტურებთ, რომ ნამდვილად იყო კონსულტაციები, საუბრები და ქალბატონმა სალომემ ილაპარაკა ზუსტად ის, ჩვენთან საუბარში, რაც ილაპარაკა დღეს, რაც არის აბსოლუტურად მისაღები და ეს პოზიცია არ გადაიხედება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით რიტორიკა რადიკალურად შეცვალა. დღეს სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია თავის მართლების რეჟიმში დაიწყო და საარჩევნო პროგრამის ნაცვლად, მისი გამოსვლა სწორედ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას დაუთმო.

მხარდამჭერებს ზურაბიშვილმა წინასწარ მომზადებული ტექსტით მიმართა და საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და არა პირიქით, როგორც ის ამას აქამდე ამტკიცებდა.

banner
წინა სტატიაში,,სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, თუ ამით სარგებელი მოდის ჩვენი მოქალაქეებისთვის”
შემდეგი სტატია“თქვენ ხართ ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, სიბოროტეზე, ღვარძლზე, შუღლზე”