გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერი – თალაკვაძე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

უმრავლესობი ლიდერი არჩილ თალაკვაძე შსს-ს მიერ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერის ავთენტურად ცნობის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და პროკურატურას მიმართავს. თალაკვაძე საგამოძიებო უწყებას შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარებასა და დაუყოვნებლივი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს:

„საქართველოს შს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რომ გვარამია ახვლედიანის სკანდალური ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და სადაც ეს უკანასკნელი საქალაქო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ აგრეთვე რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ნამდვილობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. ახლა როდესაც შეკითხვებს გაეცა პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც. რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ რაც გახმაურდა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ თუ არა დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია, უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს გვარამია-ახვლედიანის კორუფციული გარიგებების მატერიალური მტკიცებულება. თალაკვაძე პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისა და ბრალეული პირების დასადგენად სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„დღეს როდესაც უკვე სახეზეა გვარამია ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან,“-აცხადებს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაში„თვითონ ჩადო თუ ვიღაცამ ჩაუდო? აქ უამრავი კითხვა ჩნდება“ – მეუფე იოანე
შემდეგი სტატია“აქციები გაგრძელდება”- მელია მერიასთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს