გუშინ ჩვენ, საზოგადოებამ, მორიგ ჯერზე ვიხილეთ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე – ბეჟაშვილი

გუშინ ჩვენ, საზოგადოებამ, მორიგ ჯერზე ვიხილეთ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, გუშინ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, ბიუჯეტი, არა ახლად არჩეულ, არამედ „ვადაგასულ“ საკრებულოებს დაამტკიცებინეს, რაც თავისი არსით, არის ძალაუფლების მიტაცება.

„ქართულმა ოცნებამ“ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას ერთხელ უკვე მოპარეს არჩევნები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და ამჯერად, ისინი ახდენენ შედეგების გადაწერას საკრებულოებში. იქ, სადაც არ აქვს „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა, „ვადაგასულ“ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. სახეზე გვაქვს შეთანხმებული მოქმედება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბისა და ცენტრალური საარჩევო კომისიის და ამ პროცესში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმარულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება. ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსებისა, ხელისუფლების მოქმედება, რომ ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის სწორედ რომ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი. არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური, ვინაიდან ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა საკრებულოს არჩევნების გადავადება ან ბათილად გამოცხადება და რომ არ შექმნილიყო საკანონმდებლო ვაკუმი, ძველ საკრებულოებს ექნებოდათ უფლებამოსილება.

ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარალამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

წინა სტატიაშითავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა
შემდეგი სტატია“ოცნების” ოფისთან პოლიციაა მობილიზებული – ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან