გრიგოლ გეგელია – ნინო ბურჯანაძე არ გამოირჩეოდა კრიტიკულობით რუსეთის საკითხზე

„ლელო“ ემხრობა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრირებას და არ ემხრობა რუსეთთან დაახლოებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ რუსეთთან დაკავშირებით „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული კრიტიკულობით რუსეთის ფედერაციის საკითხზე. გეგელიას განცხადებით, ბურჯანაძემ უნდა თქვას, რით არის განპირობებული მისი ეს პოზიცია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.

„ლელოს“ საგარეო პოზიცია ამასთან სრულიად ნათელია. „ლელო“ ემხრობა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრირებას და არ ვემხრობით რუსეთთან დაახლოებას. თუმცა, ვემხრობით მშვიდობას რეგიონში და ყველა თანასწორ სუვერენულ სახელმწიფოსთან, რომელიც შეიცავს ბუნებრივია რუსეთს, მაგრამ ეს მშვიდობა ვერ იქნება გარკვეული დაახლოებისა და ხარკის გადახდის ხარჯზე. ეს უნდა იყოს მშვიდობა ორ თანასწორ სახელმწიფოს შორის. ამ ტიპის მშვიდობას ემხრობა „ლელო“ და სხვა მხრივ, არავითარ დაახლოებას. მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც გააჩნია ორი საელჩო ჩვენს ტერიტორიაზე, მრავალი ათასი სამხედრო ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც დევნის და ტანჯავს ადამიანებს. ჩვენ ასეთ ქვეყანასთან დაახლოებას არ განვიზრახავთ და ეს არ არის მისაღები პოზიცია, არც მორალური, არც პოლიტიკური, არც გეოპოლიტიკური. მისი პოლიტიკური პოზიციები რუსეთთან დაკავშირებით ადრეც გვახსოვს. ის არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული კრიტიკულობით რუსეთის ფედერაციის საკითხზე და პირიქით, არაერთგზის ყოფილა მისგან გაჟღერებული იმ ტიპის პოზიციები, რომლებიც ძალიან ბევრი პროდასავლური პარტიისთვის იყო სრულიად მიუღებელი. ამიტომ შესაძლებელია, ამის გაგრძელებასთან გვქონდეს საქმე. ასეა თუ ისეა, ქალბატონმა ნინომ უნდა თქვას, რით არის განპირობებული მისი ეს პოზიცია.

ოპოზიციური მაგიდა შეკრულია იმ პუნქტებით, რომელსაც ჩვენ ყველა ერთობლივად ვემსახურებით, რათა ჩვენმა ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს. ეს მაგიდა ცალკეულია და მნიშვნელოვანია. ის ყოველთვის აერთიანებდა ძალიან განსხვავებულ ადამიანებს და პოლიტიკურ სუბიექტებს. იქ არც სხვა პარტიები ეთანხმებიან უამრავ საკითხზე, ამიტომ ის მაგიდა არის ცალკე ამბავი და შემდეგ შიდა პოლიტიკური ცხოვრება არის ცალკე ამბავი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდიეგო კოლასი – შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ, საქართველო
შემდეგი სტატიაბარამიძე – რუსეთიდან გრძელდება აგრესიული პოლიტიკა