ბარამიძე – რუსეთიდან გრძელდება აგრესიული პოლიტიკა

რუსეთში არსებულ ვითარებას ჩვენ მეტნაკლებად ვიცნობთ. ქვეყანაში არის დიქტატურა და ამ პროცესებს განსაზღვრავს პუტინი და მისი გარემოცვა. სწორედ მათი ინიციატივა იყო აგრესიის ახალი ტალღის დაწყება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და მათი პოლიტიკის გამოისობით არის დღეს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „გრძელდება უტიფარი, აგრესიული და მტრული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და ბუნებრივია, ამ ეტაპზე ისევ პუტინს შეუძლია რაიმე შეცვალოს“.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მას ამის კეთილი ნება ჰქონდეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს გააკეთოს არის დასავლეთის პრინციპული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, ოღონდ ამისთვის საჭიროა, საქართველოში იყოს პატრიოტული, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ამოვარდნილი კი არ იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს დღის წესრიგიდან, როგორც პრობლემური საკითხი, როგორც ეს ივანიშვილმა დაისახა მიზნად და პირდაპირ ეწერათ მათ პროგრამაში, არამედ პირიქით, დღის წესრიგში იყოს ძალიან მაღლა. როდესაც დასავლეთი საუბრობს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაზე, ასევე ანალოგიურად და პარალელურად ყოველთვის იყოს ნახსენები საქართველო და თუკი სანქცია არის თუ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დასავლეთი გადადგამს რუსეთთან მიმართებაში, გადაიდგას, როგორც უკრაინის ოკუპაციის, ისე საქართველოს ოკუპაციის გამო და რუსეთმა იგრძნოს ის დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ზეწოლა, გადაიხადოს ის ფასი საქართველოს ოკუპაციისთვის, რომელიც მას აიძულებს, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში ხელი აიღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან რაც შეიძლება იყოს არის საქართველოს ჯერ ნატო-ში გაწევრიანება და მეორეს მხრივ, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება რა თქმა უნდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება“, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია – ნინო ბურჯანაძე არ გამოირჩეოდა კრიტიკულობით რუსეთის საკითხზე
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა