გიული ალასანია ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაუშვან პირადი ექიმი და სახალხო დამცველი

ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება მიხეილ სააკაშვილი დღეს და რომ მასთან იყოს დაშვებული მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებდნენ.

„ოჯახის წევრები უნდა შევსულიყავით ციხეში ჩემი შვილის სანახავად. საგანგებოდ იყო ჩამოსული ჩემი შვილიშვილი უკრაინიდან, რომელიც ღამე უკვე უნდა გაფრინდეს. მოგეხსენებათ, ორშაბათი მძიმე დღეა, მაგრამ ნუ არაუშავს, ვფიქრობდი, რომ მარტივად მოხერხდება ეს, რადგან ეს მესამე შემთხვევა იყო, როცა მე უნდა შევსულიყავი ციხეში და მენახა ჩემი შვილი. ჩვეულებრივ, ეს ხდებოდა ძალიან სწრაფად და ოპერატიულად. ამჯერად სხვანაირად მოხდა ყველაფერი. მივედით, აღმოჩნდა, რომ ვიღაცები იყვნენ ჩემ შვილთან, ამიტომ არ შეიძლება, რომ მაშინვე შეგვიყვანონ. კი ბატონო, მოვიდა ინფორმაცია, რომ კონსილიუმი მიმდინარეობს. ესეც გასაგები და მისაღები იყო, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე დავინახეთ, რომ მოვიდა აკო მინაშვილი. დავინახეთ, როგორ შევიდა და გვითხრეს, იცით რა, რაღაც გაუგებრობა მოხდა, ჯერ ის შევა და მის შემდეგ შევიდოდით ჩვენ. ეს გაგრძელდა დიდ ხანს. ბოლოს და ბოლოს გავიგეთ და დავინახეთ კიდევაც, რომ გამოვიდა ბატონი პარლამენტარი და ჩვენ მაინც არავინ დაგვიძახა. გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, საათამდეა ლაპარაკი და ისევ არაფერი არ ხდებოდა ჩვენთან. ვიღაცამ მოიტანა ჩვენამდე, რომ პირადი ექიმია შესული და ნუ ესეც მისაღები იყო, თუმცა ისევ გაგვიკვირდა, რატომ. იმიტომ, რომ ჩვენი მთელი ოჯახი ველოდებოდით ფაქტობრივად ქვემოთ, მოსაცდელში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, ასე გაგრძელდა თითქმის 18:00 საათამდე.

„არადა, ვიცოდით, რომ მიღება არის 18:00 საათამდე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. სწორედ დღეს უნდა მომხდარიყო შესვლა, ვინაიდან ღამით ჩემი შვილიშვილი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა, რათა ენახა მამამისი, უკვე უნდა გაფრენილიყო. ასე გაიწელა, გაიწელა და უცებ ვიგებთ, რომ გავიდა ორი ბრონირებული მანქანა ტერიტორიიდან. მართალი გითხრათ, ისედაც გამიჩნდა მე ეჭვი და ეს ეჭვი დიდი ხანი მქონდა მანამდეც. ხშირად ისმოდა გლდანი. ისმოდა, რომ მულტიფუნქციური უნდა ყოფილიყო კლინიკა, სადაც უნდა მომხდარიყო ჩემი შვილის გადაყვანა. მე ვფიქრობდი, რომ არ არის გამორიცხული და გაცხადებული იქნებოდა, რომ მართლაც მიჰყავთ რაღაც კერძო კლინიკაში და შემდგომ გადაეხვიათ და უცბად აღმოჩენილიყო გლდანში. ეს ვარიანტი არ იყო გამორიცხული, ამიტომ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი სიფხიზლე იყო ამ მიმართულებით საჭირო, მით უმეტეს, არიან ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და მუდმივად ადევნებენ ამას თვალს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, ორი ბრონირებული მანქანის გასვლიდან ცოტა ხანში დაინახეს ვერტმფრენი.

„უკვე ამოძრავდა ხალხი, ნათელი გახდა, რაც მოხდა. ფაქტობრივად, ჩემი შვილი აღარ იყო უკვე ტერიტორიაზე. მოსაცდელში რომ ვიყავით, არავინ იცოდა, პასუხს არ გვეუბნებოდნენ, სად არის მიხეილ სააკაშვილი. უცებ აღმოჩნდა, რომ არავინ იცის, სად დაიკარგა პატიმარი. ნათელი გახდა ყველასთვის, რაც ხდებოდა და დაიძრა ხალხი სხვადასხვა მიმართულებით. სად მოხდებოდა, როგორ მოხდებოდა, არ ვიცოდით. მერე სხვადასხვა ინფორმაცია მოდიოდა ჩემამდე. საბოლოოდ, ოფიციალური ვერსია არის გლდანის დაწესებულება. მართალი გითხრათ, არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რადგან იმდენჯერ ყოფილა დეზინფორმაცია, რომ უკვე აღარ ვიცი, რა დავიჯერო და რა არა მართალი გითხრათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, ითხოვს შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას, ასევე მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმისა და სახალხო დამცველის დაშვებას.

„ჩემი თხოვნა არის, რომ ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი დღეს და ასევე, ჩემი თხოვნა არის, რომ მასთან იყოს დაშვებული მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: აქ ვიბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს
შემდეგი სტატიაპატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ (ვიდეო)