გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვიან ღამემდე იკითხებოდა პირი, რომელიც 19 ივნისის ღამეს “ტოიოტას” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის გამოკითხვა გვიანობამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა პირი, რომელიც 19 ივნისის ღამეს ავტობანზე, “ტოიოტას” მარკის მანქანაში იმყოფებოდა.

სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები “კურიერმა” გუშინ გაასაჯაროვა. ადვოკატ მუხრან ღურწკაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არც შაქარაშვილს იცნობდა და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო. ნაძალადევში მცხოვრები ახალგაზრდა ავტობანზე მას შემდეგ მოხვდა, რაც მას სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი პირი ტელეფონით დაუკავშირდა. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც, თუმცა მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

“ავტომობილი დაფიქსირებული იყო სათვალთვალო კამერების მიერ ავტობანზე და ამიტომ დაიბარეს. არ იცნობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო. ერთ-ერთი, ვინც სუფრაზე იყო, დაუკავშირდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და იყო გარკვეული კითხვები,”- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშივარშავა-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში 171 ადამიანი დაბრუნდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა