გიორგი ფანცულაია – სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით ხორციელდება

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით ხორციელდება. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მდგენელის არსებობაზე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები საჭიროდ მივიჩნევთ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა. კერძოდ, პოლიტიკური მდგენელის არსებობაზე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა. აღნიშნულის მკაფიო დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუში გაჟღერებული თეზისები, რაც პირდაპირ წარმოადგენს პოლიტიკური მოტივებით ადამიანის დევნის მტკიცებულებას. უფრო ზუსტად მან განაცხადა, რომ „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან და რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

ასევე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურის გადაწყვეტილებით შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელია იყოს მართლმსაჯულების ლეგიტიმური ინტერესი. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით“, – განაცხადა ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიასაქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა