გიორგი მიქაუტაძე – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩემს დისკრედიტებას

region
: region ივნისი 5, 2019 17:28

გიორგი მიქაუტაძე – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩემს დისკრედიტებას

არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ არც ჩემს განაცხადში და ბუნებრივია, არ შეიძლება, ეს მოხდეს სხვა განაცხადებშიც, ეს არის გამორიცხული, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიქაუტაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადი ხარვეზით შეავსო.

მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადი ელექტრონულად ივსებოდა და მათი მიღება შესაბამის ვადაში შეწყდა.

„ეს განაცხადები იმ ფორმით არის დამახსოვრებული პროგრამაში, როგორითაც შევსებულია მითითებულ ვადამდე. არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ არც ჩემს განაცხადში და ბუნებრივია, არ შეიძლება, მოხდეს სხვა განაცხადებშიც, ეს არის გამორიცხული. ამგვარი ჩარევა შეიძლება, დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. დღეს მყავს ორი რეკომენდატორი და ხვალ მეყოლება ექვსი? გამორიცხულია, ეს არის ტყუილი. ტყუილებით, რაღაც ხრიკებით და ასეთი მეთოდებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან. უკვე დისკრიმინაციასაც ემსგავსება“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

ამასთან, მისი შეფასებით, არ შეიძლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ საბჭოს აპარატსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს შორის კომუნიკაცია დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნიონ.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო კომუნიკაცია განმცხადებლებსა და საბჭოს აპარატის თანამშრომლებს შორის და ეს კომუნიკაცია არ შეიძლება, ჩაითვალოს განაცხადის ფორმის შეცვლად ან დანაშაულებრივ ჩარევად. ეს არის ელემენტარული კომუნიკაცია კონსულტაციების მიზნით“, – განაცხადა მან.

გიორგი მიქაუტაძე მიზანმიმართული დისკრედიტების მცდელობაზე საუბრობს.

„მათ არასდროს დაუმალავთ, არც ერთს და არც მეორეს, რომ არ სურთ, მე ვიყო მოსამართლე, საბჭოს მდივანი და ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩემს დისკრედიტებას, პიროვნულადაც და საბჭოს გადმოსახედიდანაც ალბათ, ყველა მეთოდით. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია აქვთ გავრცელებული აქამდეც. მოლოდინი მაქვს, რომ ამის მერეც ასე იქნება, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვენ. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი განაცხადის შევსებისას, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ დოკუმენტაცია ხარვეზით შეავსო, სამი რეკომენდატორის ნაცვლად, ორი მიუთითა, რაც დარღვევაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

region
: region ივნისი 5, 2019 17:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,107
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics