გიორგი მარგველაშვილი : საზოგადოებრივ მაუწყებელს და რეკლამას აქვს სრულიად განსხვავებული მიზნები, რომლებიც ერთიმეორეს ეწინააღმდეგება

პრეზიდენტის შეფასებით, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია.

როგორც პრეზიდენტი პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი ჩამოყალიბდა მაუწყებლის ორი დომინანტი მოდელის – სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიისა და მოგებაზე ორიენტირებული კომერციული ტელევიზიის მოდელების საპირისპიროდ და მათი სუსტი მხარეების გათვალისწინებით.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია ემყარება უნდობლობას როგორც ბაზრის, ისე ხელისუფლების შესაძლებლობებისა და სურვილების მიმართ, უზრუნველყოს იმ მიზნების მიღწევა, რომლებსაც საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ელოდება.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი შინაარსი ემსახურება ხალხის, როგორც მოქალაქეებისა და არა როგორც კლიენტების (ან ელექტორატის) ინტერესებს. ეს უნიკალური სერვისი უზრუნველყოფს ინფორმაციასა და ცოდნაზე საყოველთაო წვდომას და ქმნის მრავალფეროვან შინაარსს, რომელიც ასახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებს, წუხილს და მოლოდინს, რითაც ხელს უწყობს სოციალურ ჩართულობას. ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილი შინაარსი არ არის დამოკიდებული მოგების მიღების სურვილზე, კომერციული ტელევიზიისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შესაძლებლობა და უნდა იყოს გამბედავი, ინოვაციური და არ მოერიდოს რისკს. შესაბამისად, კომერციული ტელევიზიისაგან საზოგადოებრივ მაუწყებელს განასხვავებს მის მიერ შექმნილი პროდუქციის ხარისხი. ამ მიზნების მიღწევას საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება, ერთი მხრივ, პოლიტიკური, ხოლო მეორე, მხრივ, კომერციული გავლენისაგან თავისუფალი. აღნიშნული გარანტიები იმდენად არსებითია, რომ ეს გარანტიები უზრუნველყოფილია არაერთი საერთაშორისო აქტით, საქართველოს მოქმედი კანონით “მაუწყებლობის შესახებ“ და განმტკიცებულია 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით, რომლის შემუშავების პროცესშიც საკამათო არ გამხდარა ამ გარანტიის კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცების საჭიროება და მიზანშეწონილობა“, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების კომერციული გავლენისგან დასაცავად, კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის განთავსებისთვის და სპონსორობისათვის კანონმდებლობით დადგენილი აქვს მკაცრი რეგულაციები და დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა, გარდა მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებლობას და მეორე მხრივ, რეკლამას აქვს სრულიად განსხვავებული მიზნები, რომლებიც ერთიმეორეს ეწინააღმდეგება კიდეც.

მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, რომ რეკლამას, თავისი არსისა და ბუნებიდან გამომდინარე, აქვს კომერციული გავლენის მოპოვების ბერკეტები და ქმნის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე კომერციული გავლენის შესაძლებლობას.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაა ემსახუროს ყველას, საზოგადოების ყველა ფენას, ჯგუფს თუ ნაწილს, დააკმაყოფილოს მათი ინტერესები, უპასუხოს მათ საჭიროებებს, მაშინ როცა რეკლამას აქვს ვიწროდ განსაზღვრული მიზანი და ასევე საზოგადოების სეგმენტი, რომლის ყურადღების, ინტერესისა და კეთილგანწყობის მოპოვებისკენაც არის მიმართული. ამავე დროს, რეკლამა ორიენტირებულია კონკურენციაზე, მაშინ როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ადგილი, სადაც კარი ყველასათვის ღიაა და სადაც ყველა თანასწორი უნდა იყოს. სწორედ აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების წყაროს საკითხი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ იმის გადაწყვეტა, საიდან მიიღებს ის ფინანსებს თავისი ამოცანების შესასრულებლად. დაფინანსების წყაროს გავლენა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებასა და მის პროგრამულ აქტივობებზე, შესაბამისად, დაფინანსების სისტემა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა დოზით და როგორ ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის როლს, ამიტომ დაფინანსების საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის არსისათვის. დაფინანსების წყაროს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მაუწყებლობის პრიორიტეტებსა და შესაბამისად – მის პროდუქტზე. დაფინანსების წყაროს აქვს რესურსი, ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს არამხოლოდ შინაარსის შემქმნელ და განმსაზღვრელ კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ, ასევე მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე: რაც მეტად იქნება ტელევიზია დამოკიდებული რეკლამასა და სპონსორობიდან მიღებულ შემოსავალზე, მით მეტად იქნება ის წნეხის ქვეშ, რომ მიაღწიოს ყურებადობის მაღალ დონეს საზოგადოების იმ სეგმენტში, რომელიც საინტერესოა რეკლამის განმათავსებლისათვის“, – აცხადებს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში.

ამასთან, პრეზიდენტის აზრით, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მაუწყებელმა არ გააშუქოს ან არასათანადოდ გააშუქოს თემები, რომლებიც არასასურველი იქნება რეკლამის განმათავსებლისათვის – მაგალითად, დასაქმებულთა შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები რეკლამის განმათავსებელ კომპანიაში, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხიანობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები და სხვა.

“საგულისხმოა, რომ რეკლამის განმათავსებელ კონკრეტული ბიზნესის მფლობელს, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ჰქონდეს არამხოლოდ კომერციული, არამედ ასევე პოლიტიკური ინტერესი, რაც უცხო არ არის ქართული რეალობისათვის. აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის არამხოლოდ კომერციული, არამედ პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფლებას და მის ფუნქციას – ემსახუროს საზოგადოებას“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები რეკლამის განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საჭირო და აუცილებელია და არ უნდა შეიცვალოს. მარგველაშვილი პარლამენტს კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ნორმის არსებული საკითხით შენარჩუნებას სთავაზობს.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი (19:00 – 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა – ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პატარაძესათან შეხვედრის შემდეგ, სარფის საბაჟოზე აქციის მონაწილეები დაიშალნენ
შემდეგი სტატიაშსს ხაშურში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს