გიორგი მარგველაშვილი: ქუთაისის პერსპექტივას მეტი სტიმული სჭირდება, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობაა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშილის განცხადებით, ქუთაისს ბევრად უფრო მეტი პერსპექტივა სჭირდება ვიდრე პარლამენტის აქ არსებობა.

როგორც მარგველაშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მისი მინისტრობის პერიოდში გადაწყვეტილი იყო რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნილიყო, თუმცა ეს პროექტი ვერ განხორციელდა.

„პარლამენტის თბილისიდან მოწყვეტა, თუნდაც იმიტომ, რომ იქ არის მთავარი სტრუქტრურები და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამან საპარლამენტო ცხოვრებას გარკვეული სირთულეები შეუქმნა. ქუთაისის პერსპექტივას ჩემი აზრით მეტი სტიმული სჭირდება ვიდრე პარლამენტის აქ არსებობა. ქუთაისის პერსპექტივა უნდა იყოს გაერთიანებული იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ პროექტებთან, რომელიც საქართველოში ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი განხორციელდება. საქართველოში, როგორც სატრანზიტო ქვეყანაში, ბევრად უფრო უნდა გააქტიურდეს ლოჯისტიკური ბიზნესი. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კიდევ უფრო მეტად გვაძლევს ამ შესაძლებლობის გამოყენებას. აქედან გამომდინარე ქალაქს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური და ბიზნეს დატვირთვა. არამხოლოდ ის, რომ აქ იყოს საკანონმდებლო ორგანო და ამან გარკვეული შემოსავალი მისცეს ქალაქს. არ შეიძლება ქალაქი მარტო აქედან გამომდინაე არსებობდეს. პირველი დღიდან მე მიმაჩნდა, რომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ინვესტიცია და აქ საუნივერსიტეტო პროცესი უნდა განხორციელდეს, რაც გაზრდიდა ჩამოსული ადამიანების, სტუდენტების რაოდენობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ჰქონდა სურვილი, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენებულიყო.

„დღეს ქუთაისს პარლამენტის ბერკეტი გამოაცალო ასე მყისიერად, შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ პერსპექტივა ქალაქს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობა. მართალია პარლამეტნი ქუთაისშია, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ პოლიტიკური ცხოვრება უფრო გააქტიურდა. ეს არის გარკვეული ეკონომიკური შენატანი ქალაქისთვის, მაგრამ უფრო მეტის დაგეგმვაა საჭირო კულტურული თვასაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებსაც უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიბერლინში თურქეთის საელჩო ჰიტლერის სტილში გაკეთებული ერდოღანის პორტრეტით შეამკეს
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე: იმ შემადგენლობის პარტიებთან, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობდნენ, კოალიციას არ ვაკეთებთ