გიორგი მარგველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს საქართველოში თავიანთი ვიზიტის მიზანი გააცნეს და აღნიშნეს, რომ ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობით.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ყურადღება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს.

საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ბოლო დროს განახორციელა სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.

საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები არიან გაეროსთან.

ვიზიტის ფარგლებში ელჩებს დაგეგმილი აქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის, ასევე წეროვანის დევნილთა დასახლებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთის მონახულება. გაეროსთან აკრედიტებული ელჩები შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც გამართავენ.

შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორიგ აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.

 

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაფიდელ კასტრომ მკაცრი წერილით უპასუხა ობამას კუბაში ვიზიტს