გიორგი კვირიკაშვილისა და ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზეც ისაუბრეს

გიორგი კვირიკაშვილისა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზეც ისაუბრეს.

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან, ტორბიორნ იაგანდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრმიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მე მადლობა გადავუხადე გენერალურ მდივანს საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაში შეტანილი მისი პირადი წვლილისთვის. განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, აღვნიშნეთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ამბიციური კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობა. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრმიერ-მინისტრის თქმით, „დავაყენეთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების, ასევე, რა თქმა უნდა, ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფერენდუმის საკითხები“.

ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე მოხარულია, უმასპინძლოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში 9 მაისს, რა დროსაც დაიწყება 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

„ჩვენ ამ გეგმისადმი სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ საქართველოს ევროპეიზაციის რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული რეფორმები, სასამართლო სისტემის განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს საქართველოს დახმარებისთვის. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის ოპოზიციასთან საუბარი უცხო არ არის
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას