გიორგი კვირიკაშვილი: ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში „ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრების საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა.

“მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის ახალ წევრად თამარ ჩუგოშვილი წარადგინა.

“მას იცნობს ჩვენი საზოგადოება როგორც გამოცდილ იურისტსა და შეუპოვარ უფლებადამცველს. თამარი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, არის მრავალი ნაშრომის ავტორი. 2013-14 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი დამსახურება და თავდაუზოგავი შრომა, რომელიც მან გასწია თომას ჰამერბერგთან ერთად, და დღეს მისი წყალობით ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორისაც კი. დღეს თამარი პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, და მინდა წარმატება ვუსურვო მას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით „ქართული ოცნების“ გუნდის ახალი სახეა გიორგი გახარია, რომელიც ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

„გიორგი გახარიას აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. გიორგი არის ფართო განათლების ადამიანი, გამოირჩევა პრინციპულობით, ლიდერის თვისებებით. გიორგი გახლავთ ბიზნესომბუცმენი და მან ბიზნესის წამომადგენლებთან მოახერხა სრულიად განსხვავებული, თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ მისი შემოსვლა ჩვენს რიგებში დიდი შენაძენია არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკისთვისაც“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის უკვე კარგად ცნობილი სახეა ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანია.

„ირაკლის იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიაში. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად და პროექტების მენეჯერად, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. ირაკლი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული პოლიტიკური საქმიანობა უსურვა გუნდის ახალ სახეს აკაკი ზოიძეს.

„აკაკი ზოიძე – გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის 7 წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ექსპერტს. აკაკი წარმატებულია თავის საქმეში და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კიდევ ერთი სახე, რომელზიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეა.

„არჩილი არის მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ, 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეფორმებში. ამჟამად გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რასაც წარმატებით ართმევს თავს. არჩილმა გადაწყვიტა, რომ შემოუერთდეს ჩვენს საპარლამენტო გუნდს და უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრი სამართამცოდნე თამარ ხულორდავაა, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილეა.

“თამარი წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად. ის იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი. მისი, როგორც იურისტისა და მენეჯერის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება ნამდვილად წაადგება ჩვენს გუნდს“, – აღნიშნა პრმიერმა.

მისივე თქმით, ირინა ფრუიძე პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმია. „მას ყველა იცნობს როგორც ,,რა, სად, როდის“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კაპიტანს“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ახალი სახე კახა კუჭავაა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არის ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მამუკა მდინარაძე არის სამართლის დოქტორი და საზოგადოებაში იცნობენ როგორც წარმატებულ ადვოკატს, იგი დღემდე არის ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე და საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელი. მამუკა არის სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო პროექტის „საადვოკატო გამოძიების სამსახური“ ავტორი.

“მარიამ ჯაში – გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. მარიამი იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაარსების დღიდან წარმატებით ხელმძღვანელობს სოლიდარობის ფონდს, რომელსაც უკვე ბევრი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ ახალ სახედ დაასახელა პრემიერ-მინისტრმა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნინო გოგუაძე.

„ნინო გოგუაძე არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. ახალგაზრდობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ნინო უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. 6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, “ქართული ოცნების” გუნდის წევრად რომან კაკულია წარადგინა.

„მას აქვს დიდი გამოცდილება ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით, ამჟამად გახლავთ ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ დეპარტამენტის კოორდინაციით თითქმის ყველა სამინისტროში დღეისათვის მიმდინარეობს ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტები რომლებიც აძლიერებენ და მხარს უჭერენ ჩვენს სახელმწიფო უწყებებს ევროკავშირთან დახლოებისათვის და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებუილების შესრულებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პარტიის ახალი წევრია იურისტი სოფო კილაძე. „ის არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა მაქს-პლანკის ინსტიტუტში გერმანიაში და იყო შსს აკადემიის პრორექტორი. სოფო წარმატებული ადამიანია, და ვფიქრობ, რომ პოლიტიკაშიც იტყვის თავის სიტყვას“, – აღნიშნა პრემიერმა.

„კიდევ ერთი ახალი სახე სოფო ქაცარავაა, რომელიც უცხო ენების სპეციალისტია, იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის (Chevening) ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში (WWF)”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა სოფო ჯაფარიძე.

„ის არის მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამართლებრივი ექსპერტი, სასჯელარასრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების” გუნდის ახალი წევრები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგინა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმი ვიზიტორებს სთხოვს Pokemon Go არ ითამაშონ
შემდეგი სტატიადევიდ კემერონი ტერეზა მეისთვის პოსტს და ბინას ათავისუფლებს