გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის გაუქმება წინგადადგმული ნაბიჯია.

პრემიერმა როდრიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველო ეკონომიკური ზრდით დიდწილად დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და როდესაც რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ არის, რაც გამოწვეულია, ერთის მხრივ, ნავთობის ფასების კლებით და მეორეს მხრივ, რეგიონული კონფლიქტებით, საინვესტიციო რესურსის მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი გაუქმებული იქნება. აქ ჩვენ ვისესხეთ ესტონური მოდელი, როდესაც რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება და მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. ამით, ჩვენ ერთად ორ კურდღელს ვიჭერთ – ერთია შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზება და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც ეკონომიკურად ლიბერალური ქვეყნის პრომოცია საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე და სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რომელსაც მომავალი წლიდან დავიწყებთ. ვფიქრობთ, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ჩვენ მოვახდინეთ ფოკუსირება, არის ინოვაციებზე დამყარებული ინდუსტრიების განვითარება და პირველი ტექნოპარკის პროექტი, რომელიც გაკეთდა. ჩვენ დავაფუძნეთ დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი “სტარტაპ საქართველო“, რომელიც უკვე წარმატებით მუშაობს”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშილმა ასევე სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელზეც ისაუბრა.

“ჩვენ გამოვედით ერთიანი ფრონტოფისის იდეით, როდესაც ყველა, არა მხოლოდ კერძო პირი, არამედ იურიდიული პირი, კომპანია, ყველა სერვისს ერთიანი ფრონტოფისის მოდელით, ფიზიკურად ერთ ადგილას მიიღებს. პარალელურად, ჩვენ ვქმნით ციფრულ სივრცეს, სადაც, ელექტრონული მმართველობის მოდელით, ნებისმიერ იურიდიულ პირს ყველა სერვისი მიეწოდება.

ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია, კონცეფცია შემუშავებულია. წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ მის განხორციელებას. მმართველობითი რეფორმის მესამე ბლოკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩართულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ბიზნესსაზოგადოება, ისე არასამთავრობო სექტორი ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით, როდესაც შევქმენით ინვესტორთა საბჭო, ევრობანკის ინიციატივით. იქ ჩვენ გვყავს ყველა საერთაშორისო დონორი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და საბჭოს თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი. საბჭოში განიხილება ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილების ინიციატივა, რათა გამოირიცხოს უარყოფითი სიურპრიზები ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეოთხე მიმართულება – ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს კერძო სექტორის ჩართულობაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რათა სწორი ბალანსით, მიღწეული იქნას ერთის მხრივ ხარისხის ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხოლო, მეორეს მხრივ, შემცირდეს ტვირთი ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე.

ამ ყველაფრის შედეგად, შეიქმნება ის ჩარჩო, როდესაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, შესაძლებელი იქნება სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური გარღვევის მიღწევა. ჩვენ ვთვლით, მომავალი ოთხი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ ნაბიჯების გადადგმისთვის. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია დენი როდრიკის და ჩარლ სეიბლის სწორი რეკომენდაციების გათვალისწინება და ინდუსტრიული განვითარების სწორი სქემების დადება, იმისთვის, რომ გაანალიზდეს, დიაგნოსტიკა გაუკეთდეს, რომელ მიმართულებებშია საჭირო სახელმწიფოს სისტემური ჩარევა. მე არავითარ შემთხვევაში არ მაქვს მხედველობაში სუბსიდირების გაძლიერება ეკონომიკებზე”,-განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითელავში ვალერი კვარაცხელიას მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს კვერცხები ესროლეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : “ფორუმი ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის უფრო ეფექტურად განხორციელებას ემსახურება”