გიორგი გახარია : შეზღუდვების გაუაზრებლად და ერთბაშად მოხსნა არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი

ჩვენ გვაქვს და შეგვწევს, რომ ეს კრიზისი გამოვიყენოთ, ვაქციოთ შესაძლებლობად ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების გაუაზრებლად მოხსნა უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა.

„საბოლოო ჯამში, მინდა, გითხრათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ისევე, როგორც კომენდანტის საათის გაუქმება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში აქტივობას, ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების მობილობას გაზრდის. რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ ოჯახში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მაგრამ ამასთან ერთად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფრთხილად. გაუაზრებლად, ერთბაშად მოხსნა იმ შეზღუდვების, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სწორედ გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნების მიზნით მიმართა მთავრობამ პარლანმენტს.

„სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ გარკვეული შეზღუდვები. სწორედ ამიტომ მივმართეთ პარლამენტს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყოველდღიურად ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომ დაიცვას ის ელემენტარული წესები, რომლებიც საჭიროა, რათა ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება, პირველ რიგში და შემდგომ, ამით შევუნარჩნოთ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკური აღორძინების შესაძლებლობა. ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენოთ, ვაქციოთ შესაძლებლობად ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველო იყოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ კონკურენციაში, რომელიც უახლოეს დღეებში და თვეებში დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საქართველოს მთავრობა მზად არის, უახლოეს დღეებში მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ვავალებ შემოსავლების სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება