გიორგი გახარია – მოქალაქეებს აღარ აინტერესებთ პროგრამები, უკვე გვჭირდება კონკრეტული საქმე

ეფექტიანობა, ქმედითობა, დისციპლინა – ეს იქნება ძირითადი პრინციპები, რომლებზეც იმუშავებს ეს მთავრობა, – განუცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაზე.

გახარიამ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს აღარ აინტერესებთ პროგრამები, უკვე საჭიროა კონკრეტული საქმე​.

„ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება კონკრეტული ნაბიჯები, ქმედებები და საქმე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენ მოქალაქეებს აღარ აინტერესებთ ახალი ინიციატივები, პროგრამები. ასეთი ინიციატივები, კარგი, მათ შორის, წარმატებული პროგრამები ბევრი გვაქვს ჩვენ დღეს, უკვე გვჭირდება კონკრეტული საქმე.

თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ქალაქში იქნება ეს თუ სოფელში, სახელმწიფოს განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელსაც ყოველდღე ხვდება და ამ საჯარო მოხელეს ან შეუძლია, მისი პრობლემები მოაგვაროს ან არ შეუძლია. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ეფექტიანობა, ქმედითობა, დისციპლინა – ეს იქნება ძირითადი პრინციპები, რომლებზეც იმუშავებს ეს მთავრობა.

ჩვენ ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ იმ განზომილებებზე, რომლებიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და რომლებზეც ჩვენ ზოგჯერ შინაარსობრივად, ზოგჯერ ზედაპირულად დღესაც ვისაუბრეთ, ეს გახლავთ პირველ რიგში უსაფრთხოება და ამ განზომილების ძირითადი გამოწვევა არის ოკუპაცია.

მეორე უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის განზომილება, ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება და ამ განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები და მესამე უმნიშვნელოვანესი განზომილება, ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება და აქ ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ განათლება.

ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის პირობებში, რომელიც იქნება მიმართული კონკრეტული მიზნების, კონკრეტული ქმედებების, კონკრეტული ნაბიჯების და საქმის კეთებისთვის და რომელიც მიმართული იქნება ხალხის მსახურებისთვის. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც იქნება დამყარებული ამ მთავრობის მუშაობა. ჩვენ გვექნება საშუალება, პლენარული სხდომის ფარგლებში უფრო შინაარსში შევიდეთ ბევრ საკითხებთან მიმართებაში“, – მიმართა დეპუტატებს გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი გახარიას: რეზინის ტყვიები არ უნდა გამოგვეყენებინა, დარწმუნებული ვარ განიცდით
შემდეგი სტატიალომია: ძალიან ცუდად მუშაობთ PR-ის კუთხით, ჰგონიათ, ენმ-ის დროს უფრო კარგი ცხოვრება იყო