გიორგი გახარია კახი კალაძეს და ნიკა მელიას კიდევ ერთხელ იწვევს დებატებზე პირისპირ და „ერთი-ერთზე“ – მათ პარტიულ ტელევიზიებში – იმედსა და მთავარ არხზე – „ეს იქნება თბილისელების პატივისცემა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახი კალაძეს, ისევე როგორ ნიკა მელიას – კიდევ ერთხელ სთავაზობს ,,ერთი-ერთზე“ დებატებს.
„მივმართავ ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას – მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე – იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს შესაძლებლობა მივცეთ გააკეთონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი.“
პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რადგან კახი კალაძეს „სხვა ტელევიზიებში“ მისვლის დისკომფორტი აქვს, ერთი-ერთზე დებატები პარტიული ტელევიზიის – იმედის ეთერში სთავაზობს, ისევე როგორც ნიკანორ მელიას – მთავარ არხზე.
„როგორც ჩანს, როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახი კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე პარტიულ ტელევიზიაში – იმედის „ტელეკანალზე“ და იმედი მაქვს ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ისევე როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევიზიაში, ნაციონალური მოძრაობის მთავარ არხზე ერთი-ერთზე პირისპირ მოვაწყოთ დებატები.“ – განაცხადა გახარიამ
„დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პატივი ვცეთ ჩვენს ამომრჩევლებს მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. დღეს არის 13 სექტემბერი – ჯერ არის საკმარისი დრო, ამიტომ, ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ. მე მზად ვარ ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ესეთი დებატები ჩავატაროთ, რადგან დარწმუნებული ვარ ეს იქნება თბილისელებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პატივისცემა. მივცეთ მათ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.’’ – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუმინეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიამოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეღავათიანი ინტერნეტპაკეტის შეთავაზება გრძელდება