გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეეფარდა

პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რის საფუძველზეც ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

როგორც პროკურორმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ჭანტურიას დანაშაული დასტურდება.

„გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტარდებოდა მრავალი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ეხება მოწმეთა ჩვენებებს, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე ღია საგამოძიებო მოქმედებებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მაშინ როცა მოპოვებული იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა გიორგი ჭანტურიას მიმართ, აღნიშნულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით მოხდა ჭანტურიას დაკავება და შემდგ ბრალის წარდგენა სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. სასამართლოზე წარვადგინეთ შუამდგომლობები და დავადასტურეთ, რომ არსებობდა არათუ იმის საფრთხეები, რომ საფრთხე შექმნოდა მტკიცებულებების მოპოვებას, არამედ აღნიშნული საფრთხეები რეალიზებულიყო ბრალდებულის მიერ. ბრალდებულმა მიზანმიმართულად გაანადგურა ის ტანისამოსი, რომელიც ეცვა მკვლელობის დროს, ასევე გაანადგურა და გადამალა დანაშაულის იარაღი. შესაბამისად, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობა შეუფარდა გიორგი ჭანტურიას”, – განაცხადა ლევან ჯალაღანიამ.

რაც შეეხება მოწმეების რამდენჯერმე დაკითხვის საკითხს, პროკურორი პასუხობს, რომ საქმის სირთულისა და მოცულობიდან გამომდინარე, გამოძიების საწყის ეტაპზე კონკრეტული მოწმეთა ნაწილი შესაძლოა არ იძლეოდეს სრულყოფილ ჩვენებებს, რის გამოც გამოძიების ეტაპზე მათი დაკითხვა კვლავ ხდება.

„საწყის ეტაპზე დაიკითხნენ მოწმეები, თუმცა მოწმეებს, ცხადია, ლეგიტიმურად ვერ დავუსვამდით ისეთ კითხვებს, რაზეც ჩვენთვის არ იყო ცნობილი. შესაბამისად, გამოძიების მსვლელობისას სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებეზე საგამოძიებო ორგანომ მიიღო ინფორმაცია სხვა პირებისგან. ამიტომ, გამოძიებამ დაკითხა სხვა მოწმეები, დავუსვით ლოგიკური, ლეგიტიმური კითხვები.

ჩვენთვის ფაქტობრივი გარემოებები არ იყო ცნობილი და როდესაც გამოძიებამ საკითხები გამოარკვია და დადასტურდა, რომ თურმე ვიღაც მოწმეებს შესაძლო რაღაც ფაქტობრივ გარემოებეზე ჰქონოდათ ინფორმაცია, ჩვენ დავუძახეთ მოწმეებს და დავუსვით კითხვები. მოწმეები კრიტიკულად დაიკითხნენ. რაც შეეხება იარაღს, იარაღის ნაწილში არ არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, ანუ საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა”, – განაცხადა ჯალაღანიამ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აჭარიდან 150 გამოძახება შევიდა