გიგლა ბარამიძე: „ნაციონალები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან, მაგრამ „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას სხვები დაეპატრონებიან“ „ჩვენი ბრალია სალომე ზურაბიშვილი ამდენს რომ ბედავს“

საქართველოს პრეზიდენტმა ტრადიციას არც კალანდობის დღეს უღალატა და მორიგი მარგალიტი დააფრქვია, რომელიც ძალიან ჰგავდა წლების წინ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ამ უკანასკნელმა 2 იანვარს გვაცნობა, რომ „საქართველოს ქათმის გრიპი გადაუვლის და ყოველი მესამე მოკვდებაო“. აი, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ სიკვდილისთვის არ გაგვიმეტა. მოგეხსენებათ, ქალს მაინც უფრო მგძნობიარე გული აქვს, თუმცა გაგვაფრთხილა, რომ არანაირი ბერკეტები არ გაგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები დავიცვათო.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე პრეზიდენტის ამ განცხადებამ ძალიან გააბრაზა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამდენს რომ ბედავს, ეს ჩვენი საზოგადოების ბრალია. ბარამიძე ამბობს, რომ ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ ხალხს პრეზიდენტის რეზიდენციასთან უნდა გაემართა აქცია.
რატომ ბედავს „ქართული ოცნება“ ამდენს, გაგრძელდება თუ არა ოპოზიციის პროტესტი, რა ბედი ეწევა საქართველოს სახელმწიფოს იმ შემთხვევაში თუ ვითარება არ შეიცვლება – ამ თემებზე „თაიმერს“ გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

– კალანდობის დღეს სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მარგალიტით გაგვანებივრა და გვითხრა, რომ საქართველოს თავისი მოქალაქეების დასაცავად ბერკეტები არ გააჩნიაო. ეს რას ნიშნავს? მისი პირით გვეუბნებიან, რომ სახელმწიფოს იმედი არ უნდა გვქონდეს?
– სახელმწიფოს იმედი დიდი ხანია აღარ გვაქვს. თავისი მორიგი „შედევრი“ სალომეამ, რომელიც „ქართული ოცნების“ ვერსიით საქართველოს პრეზიდენტია, გურიაში სიტყვით გამოსვლისას შემოგვთავაზა. სადაც ის კომოსწყალდალეულ აჩო თალაკვაძესთან ერთად კალანდობის აღსანიშნავად ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეც არის. აი, სწორედ სეთ დღეს უთხრა სალომეამ ქართველ ხალხს შემდეგი სიტყვები: „არა გვაქვს ჩვენ ბერკეტები, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“. კი მაგრამ, მოქალაქეების დაცვა თუ არ შეგიძლიათ, გამოდის რომ სახელმწიფო არა გაქვთ და აბა რას აფრიალებთ ქალბატონო სალომეა ამ დროშას აქეთ-იქეთ? ან რას დადიხართ ამ მერსედესით სოფელ-სოფელ, შუკა-შუკა და შარა-შარა?
უფრო ადრე ამ მატრონამ განაცხადა, რომ ჯარი და შეიარაღება არ გვაქვს და არც გვექნებაო. მისმა უფროსმა და ამ პოსტზე დამსმელმა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში კი გვითხრა, რომ საქართველოში უახლოესი ათი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება და საზღვარგარეთ წადით სამუშაოდო.
თუ ვერც სამუშაო ადგილებს ქმნით, არც ჯარი გვყავს და არც გვეყოლება და არც ბერკეტები გაქვთ საქართველოს მოქალაქეების დასაცავად, აბა რისთვის ხართ ხელისუფლებაში? ამაზე შიგადაშიგ მაინც თუ გიფიქრიათ?
პრეზიდენტად დასმულ მატრონას წარმოდგენა არ აქვს თუ რა არის სახელმწიფო. მას პრეზიდენტობა პრეზიდენტის სასახლეში ჯდომა და თავის ხმა ამაღლებულ დაქალებთან ერთად ვისკის და ყავის წრუპვა ჰგონია. თან ერთი სასახლეც არ ჰყოფნის, ორ სასახლეშია გაბატონებული.
მისი ასეთი თავხედობა ჩვენი ბრალია. ყველა ჩვენგანის, მათ შორის ჩემიც. ჩვენ რომ ყველაფერზე სათანადო რეაქცია გვქონდეს, არც სალომეა და არც მისი პრეზიდენტად გამომცხადებელი „ქართული ოცნება“ ამდენს ვერ გაბედავდა.
– ხალხს რეაქცია არ აქვსო მის გამონათქვამებზე ვერ ვიტყვით, სადაც წავიდა ყველგან აქციით დახვდნენ…
– გურიაში ერთი პარტიის წარმომადგენლებმა ლობიო და პრასი დაახვედრეს მას და კომოსწყალდალეულ პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს საკმარისი არაა, სალომეას ყველგან აქციებით უნდა ხვდებოდნენ. მისი სისულელეების ასე ურეაქციოდ დატოვება უკვე აღარ შეიძლება.
– მისი ადმინისტრაცია დაუღალავად აცხადებს, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სწორად ვერ ვიგებთ…
– ჩვენ ვერ ვიგებთ სწორად და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას ვაფრიალებთ? რამდენჯერაც პირი დააღო, იმდენი სისულელე თქვა. ერთხელ მაინც გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომ კონტექსტიდან ვერავის ამოეგლიჯა. ის განცხადება რაც 14 იანვარს გააკეთა, კატასტროფა იყო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ბერკეტები, რომ თავისი მოქალაქეები დაიცვას. როგორც ჩანს, ამ მატრონას ბერკეტები მარტო ბირთვული იარაღი და აურაცხელი ტანკები ჰქონია. იმდენს ვერ ხვდება, რომ მოქალაქეების დაცვის ბერკეტი არის თავად მთავრობა, საელჩოები, დიპლომატიური მისიები.
– ხელისუფლება, რომელიც აღიარებს, რომ თავის მოქალაქეებს ვერ იცავს, წესით უნდა წავიდეს. აბა რისთვის ვუხდით ხელფასს ბიუჯეტიდან?
– ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს. ჩვენი ბრალია, ეს ქალი და „ქართული ოცნება“ ამდენს რომ ბედავენ. ამ ბოლო განცხადების შემდეგ ყველანი მის რეზიდენციასთან უნდა გავსულიყავით. აქცია უნდა მოგვეწყო, მისთვისაც და „ოცნებისთვისაც.“ უნდა გვეკითხა, თუ მოქალაქეების დაცვა არ შეგიძლიათ, თუ ჯარი არ გყავთ, რა მთავრობა ხართ? მათი წასვლა უნდა მოგვეთხოვა.
ასეთი უმაქნისი და მავნებელი ხელისუფლება რომ გვყავს, ამიტომაც გაივსო საქართველო უცხო ტომის ხალხით. უცხოელებს რომ ვლანძღავთ, რას ვერჩით – ან ჩადრიანებს ან მის გარეშე? მათ ნახეს მშვენიერი ქვეყანა, სადაც გადასარევად შეიძლება ცხოვრება და დაიწყეს აქ ჩამოსახლება. გამრავლდებიან, საქართველოს მოქალაქეობასაც მიიღებენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მიეცემათ და მერე ისეთ ხელისუფლებას აირჩევენ, როგორიც მათ სურთ. ქართველებს ივანიშვილი საზღვარგარეთ წასვლისკენ მოგვიწოდებს და დარჩება ეს ქვეყანა სხვებს.
შუა საუკუნეებში ასე იყო – იმ სახელმწიფოებს რომლებსაც მცონარა და უმაქნისი ხელისუფლება ჰყავდა, სხვა ქვეყნებიდან მოსული ხალხი ეპატრონებოდა. ჩვენს სამეზობლოშიც არის ასეთი ქვეყნები, სადაც სულ სხვა ხალხია მოსული. წლების შემდეგ, შეიძლება საქართველომაც იგივე ბედი გაიზიაროს. ამიტომ მართებს საზოგადოებას სიფხიზლე და ყველაფერზე რეაგირება. მარტო პოლიტიკოსებმა არ უნდა იყვირონ, ხალხის აქტიურობაც საჭიროა. ხალხს არ სცალია. ახლა ახალი წლის დღეებია და ერთ ხელში ქათმის ბარკალი უკავიათ, მეორეში კი – ყანწი. გამოუშვიათ ორმეტრიანი ღიპიები, არაფერს აკეთებენ, სადღაც წაიკითხავენ მერე პატრიოტულ ლექსებს, ფეისბუკზე დადებენ ფოტოს და ჰგონიათ, რომ სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადეს.
– ახალის წლის პირველმა დღეებმა ოპოზიციაც გააჩერა. არადა, შარშანდელი წლის ბოლოს ძალიან აქტიურები იყავით. როდიდან დაიწყებთ აქტიურობას თუ საერთოდ აღარ იქნება ეს აქტივობა?
– ბრძოლა აუცილებლად იქნება. მთავარი ისაა, რომ ახლა ოპოზიცია არის ერთიანი. ჩვენ ერთიანები ვართ პროპორციული არჩევნების მიმართ, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვინც არის ყველა მოგვწონს. როდესაც პროპორციული არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ, შემდეგ ერთმანეთის კონკურენტები გავხდებით, უკვე აღარ ჭრის იმის ძახილი, რომ ვინც „ოცნებას“ უპირისპირდება, თურმე ნაციონალია. ნაციონალები „ქართულ ოცნებაში“ არიან. ჩვენი პარტია რომ ნაციონალებს ებრძოდა, „ოცნების“ წევრების უმეტესობა მიხეილ სააკაშვილს ადიდებდა.
– თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში 2011 წლის 26 მაისის დარბევის შემდეგ მოვიდა. ფაქტიურად, თქვენი პარტიის სისხლზე არის „ოცნება“ ხელისუფლებაში მოსული.
– რა თქმა უნდა, ამიტომაც არის მიუღებელი იმის ძახილი, რომ ჩვენ ნაციონალები ვართ. როგორ შეიძლება „ერთიანი საქართველო“ ნაციონალურ მოძრაობასთან გააიგივო. ყოფილი ნაციონალი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ ყავთ და მე მეძახიან ნაციონალს, რომელიც 9 წელი პოლიტიკურ დევნილობაში ვიყავი! ამ უტიფრებისგან სხვა არც არის მოსალოდნელი. „ოდირმა“ (ODIHR) „ოცნებას“ თავის დასკვნაში თავზე დაამხო ყველაფერი, კომოსწყალდალეული თალაკვაძე კი გამოვიდა და იძახის, რომ ჩვენს სასარგებლოდ არის დასკვნაო. არადა ეუთო-ოდირის ანგარიშში განმარტებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის ბოლოდროინდელი რეფორმები მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასამართლოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, თუმცა ეს არ არის პრევენციული ხასიათის მატარებელი. ასევე, ის არ იძლევა გარანტიას, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ იქნება მიკერძოებული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა დასანიშნად პლენარული კენჭისყრის გაგრძელების გადაწყვეტილება, პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტის, პროცესის გადადების მოწოდების და კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე არსებული მნიშვნელოვანი შეფერხებების ფონზე, ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას, რომ პროცესი ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას.
ეუთო-ოდირის დასკვნა ძალიან მძიმეა. კომოსწყალდალეულს კი ეჩვენება სათავისოდ, მაგრამ ეს ასე არ არის. ოპოზიცია აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას პროპორციული არჩევნებისთვის და ამ ბრძოლაში ხალხმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. „ქართული ოცნების“ წასვლა არ ნიშნავს, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან, მაგრამ „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას სხვები დაეპატრონებიან.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმსახიობმა რეზი ქაროსანიძემ მესხიშვილის თეატრის თავზე საქართველოს დროშა აღმართა
შემდეგი სტატიაბაკურიანში დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სცემეს