გიგი უგულავა: წითელი ხაზი ჩვენც გვაქვს-რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ცესკო-ს რეფორმა

ზედმეტი რიხის გარეშე მოვუწოდებდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ამ საქმეს მიუდგნენ საქმიანად და არა ჟურნალისტებთან და კამერებთან საკეკლუცოდ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოზიციები ჯერ დიამეტრალურად განსხვავებულია.

„ვერ ვიტყვი, რომ პოზიციები დაახლოვდა. მთავარ საკითხებში პოზიციები აბსოლუტურად, დიამეტრალურად არის განსხვავებული ჯერ. თან, მეორე მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, გამოდის მმართველი გუნდი და თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს და ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, ვითვალისწინებთ ფასილიტატორი ელჩების თხოვნას და არ ვსაუბრობთ არც წითელ ხაზებზე და არც ტექსტების შინაარსზე. ეს რაღაც ცალკარას თამაში ბატონ არჩილს და კობახიძეს ძალიან მოსწონთ და არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, წითელი ხაზი ოპოზიციასაც აქვს.

„წითელი ხაზი ჩვენც გვაქვს და ჩვენი წითელი ხაზი არის ის, თუ რომელი კომპონენტი დააკლდება. ძირითადად, არის სამი კომპონენტი ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ცესკო-ს რეფორმა. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ცესკო-ს ეფემერული რეფორმის დაპირებით ბოიკოტი დამთავრდება, ძალიან ღრმად ცდება. ცესკოს რეფორმა საჭიროა იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს; პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება საჭიროა იმისთვის, რომ ძალადობრივი ფონი არ ახლდეს და ჩრდილი არ მიადგეს რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები იმისთვის არის საჭირო, რომ ეს სირცხვილი, რასაც დღევანდელი მოწვევის გაყალბებული პარლამენტი ჰქვია, ისტორიას ჩაბარდეს, როგორც სამარცხვინო ლაქა ქართული დემოკრატიის. ამიტომ ჩვენ არც ერთ პოზიციაზე უკან დახევას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ და თუ „ქართული ოცნება“ დღეს იძახის, რომ წითელი ხაზები აქვს, მაშინ შეგვიძლია, ქუდი დავიხუროთ და გავაგრძელოთ. ისხდებიან მარტო თურქმენეთივით, ჩრდილოეთ კორეასავით. საქართველოში თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთპარტიული პარლამენტი რაიმე ხეირს მოიტანს, ძალიან შემცდარან. ჩვენ ძალიან მალე დავაკვირდებით მის ეროზიას და ისევ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ასე რომ, ზედმეტი რიხის გარეშე მოვუწოდებდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, საქმიანად მიუდგნენ და არა რაღაცა ჟურნალისტებთან და კამერებთან საკეკლუცოდ ამ საქმეს. სხვა შემთხვევაში, მე ვერც ვხედავ. მადლობას ვეტყვით ჩვენს შუამავალ ფასილიტატორებს, ელჩებს, ბოიკოტი გაგრძელდება და მრავალფეროვანი იქნება პროტესტი. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ერთხელ „კოვიდმა“ იხსნა და მეორეჯერ „კოვიდი“ იხსნის ძალიან შემცდარან. ეს „კოვიდი“ მარადიული არ არის, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი არ არის მარადიული, რომელიც თეთრ ხალათს არის ამოფარებული უკვე მთელი ერთი წელიწადია“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

კითხვაზე, ერთიანია თუ არა ოპოზიცია ბოიკოტის თემაზე,

„პოლიტიკური ბოიკოტი შედგება და თუ ვინ შეძვრება იმ პარლამენტში, ეს მისი პოლიტიკური რისკია, რადგან პარლამენტში კი არ შეძვრება, პირდაპირ ვოლსკის კაბინეტში შეძვრება, პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შეძვრება და თუ უნდათ „ქართულ ოცნებაში“ შეძრომა, შეეძლოთ „ქართული ოცნების“ სიაში ჩამჯდარიყვნენ, მაგრამ თოჯინებისა და ოპოზიციონერობანას თამაში ამ პარლამენტში, რაღაც ეფემერული დაპირებებით არავის არ გამოუვა“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივ ინიციატივას იწყებენ საქართველოში ბავშვთა უფლებების დასაცავად