გიგი უგულავა : ყველაზე კარგი სანახავი იქნება უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს

ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული-საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იგი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა.

„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ და ეს პირანიები, უმრავლესობა პირანიებად არის ჩამოყალიბებული, ალბათ დაძიძგნიან და მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. ეს არის მათი სტილი, ბრეჟნევივით მარტო თავისთავთან ატარონ სხდომები, გარედან დისკომფორტი არ მოსწონთ. მაგრამ რაც არ უნდა ჩაიკეტონ, ფანჯრები დაგმანონ, გარეთ ხალხია და ხალხი ყოველთვის გააგონებთ ხმას. მე ველოდებოდი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, რამდენად გაქაჩავდა პატიმრობას, ამაზე იყო საქმე. სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. ახლა ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” მოსამართლეთა სიის გაპარებას გეგმავს – ანა დოლიძე
შემდეგი სტატიაიურისტის განმარტება-რა პროცედურებია საჭირო მელიასთვის დეპუტატის მანდატის შესაჩერებლად