იურისტის განმარტება-რა პროცედურებია საჭირო მელიასთვის დეპუტატის მანდატის შესაჩერებლად

შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. მელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მას უფლებამოსილება შეუჩერონ.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი განმარტავს, როგორ განვითარდება მოვლენები პროცედურულად. საპარლამენტო მანდატის შეწყვეტისთვის, საპროცედურო კომიტეტმა უნდა გადასცეს დასკვნა პარლამენტის ბიუროს. ბიუროს შემდეგ ეს თემა ყველა სხვა საკითხზე ადრე უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრით, უმრავლესობით [76 ხმა] დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება.

“რეგლამენტით არაუგვიანეს 15 დღისა უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება”, — ამბობს კონდახიშვილი და განმარტავს, რომ საპატიმრო სასჯელის შემთხვევაში მელიას მანდატი დაუყოვნებლივ ჩამოერთმეოდა.

შეგახსენებთ, რომ მელიას უკვე არ აქვს დეპუტატის იმუნიტეტი. საქართველოს პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება პროკურატურის მოთხოვნით, 20 ივნისის საქმეზე მიიღო.

ამავე საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ სრულიად გაამტყუნა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო განაჩენით, ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

განაჩენის გამოცხადებას ნიკა მელია არ ესწრებოდა, ზურაბ ადეიშვილი კი რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის ბანკი “ქართუ” პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

“პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. იმ მიზნით, რომ “ქართუს” ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონი იშლებოდა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით”, — განაცხადეს უწყებაში 2012 წელს.

 

წყარო: On.ge

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : ყველაზე კარგი სანახავი იქნება უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს
შემდეგი სტატიანიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული-მშვენიერაძე