გიგი უგულავა ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის ყოფილი მერი და ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი – გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე გახდა ცნობილი.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად: “თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში”.

შესაბამისად, შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისკოლებში არსებობს ფულზე თამაში, გამოძალვა, ძალადობა, იარაღის ტარება, ნარკოტიკების ხმარება – ზაზა ჭაია
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია