გიგა ბოკერია : რა აქვს ხელისუფლებას სათქმელი, რას აკეთებს იმისთვის, რომ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე ხალხი დაისაჯოს?

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების შემდეგ, შესაძლო რისკების შესამცირებლად არაფერს აკეთებს. როგორც მან განაცხადა, ეს არის შეურაცხმყოფელი და უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ.

„გუშინ წინ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღე იყო. მისი მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. 4 წელი გავიდა გიგა ოთხზორიას მკვლელობიდან, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა და მათმა დაქვემდებარებულმა მარიონეტულმა სტრუქტურებმა ჩაიდინეს. ცნობილია მათი გვარები, არა ეჭვმიტანილები, არამედ ისინი, ვინც უტყუარი მტკიცებულებებით მხილებული არიან ამ დანაშაულებებში. კარგია, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოჯახს ყურადღება მიაქცია, ჩვენ ვნახეთ მედიაში ფართო გაშუქება. მათი ოჯახი ამ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ისინი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას შეეწირნენ.

მაგრამ მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – ამ ყურადღების გამოვლენისას რა აქვს ხელისუფლებას საზოგადოებისთვის, მოკლულთა ოჯახებისთვის სათქმელი, რას აკეთებენ ისინი რეალურად იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და ის ხალხი დაისაჯოს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. რითი შეამცირებენ ხვალ და ზეგ ჩვენი მოქალაქეებისთვის რისკებს?! ამ კითხვაზე პასუხი მოკლე და ძალიან სამწუხაროა, მოსალოდნელიც კი, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. ისინი პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ. ეს არის შეურაცხმყოფელი და უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. როდესაც ამბობ, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს და მერე ელემენტარულ რაღაცებს არ აკეთებ. მინდა შეგახსენოთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიის“ შექმნის ინიციატორი იყო, ამის შემდეგ არაერთხელ დასვა ეს საკითხი მთავრობის წინაშე, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან, გარდა უბრალოდ, ფორმალურად სიის შედგენისა“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს?” – “ქართული ოცნება” – 34%; ენმ – 29%, “ევროპული საქართველო” – 10%
შემდეგი სტატიაგურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა