გია ვოლსკი – ანა დოლიძეს ჩემი უღირს ადამიანად გამოყვანა არ ეკადრება

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 16:11

გია ვოლსკი – ანა დოლიძეს ჩემი უღირს ადამიანად გამოყვანა არ ეკადრება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის ბრალდებას ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, იუმორისტული ჟანრიდან არის განცხადება, თითქოს მისი ხალხის მხრიდან ანა დოლიძის მიმართ ადევნება ხორციელდება.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძეს მსგავს ბრალდებაზე საუბარი არ ეკადრება.

„ეს რა სისულელეა და როგორ შეიძლება, ასეთი რამე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა დაუშვას? რაში შეიძლება დამჭირდეს ადევნება ან თუ ვინმე სურათს უღებს, გია ვოლსკის ხალხი რატომ არის? იქნებ, ეს ყველაფერი მის მიერ იმიტომ არის გაკეთებული, რომ ჩემზე ილაპარაკოს, თითქოს, მას ვავიწროვებ. ერთხელ თქვა, რომ შეხვედრაზე მთვრალი ბიჭები გამომიგზავნა, ქალებს ველაპარაკებოდი და დაგვაფრთხოო. მეორედ თქვა, ჩემს პლაკატებს თავისი პლაკატები გადააკრაო. შემდეგ უხეში ბრალდებებიც იყო. უცნაურად ისიც თქვა, თითქოს, მისმა აქტიურობამ მაფიქრებინა, გამოვიდე და ხალხს შევხვდე. ანაზე ამდენი ლაპარაკი არ მინდოდა, მაგრამ თუ მას შეუძლია, ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ჩემზე თავდასხმა და ჩემი უღირს ადამიანად გამოყვანა, არ არის არათუ სწორი და სიმართლე, არამედ მას არ ეკადრება. ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანების მიმართ ლოიალური ვარ, თუნდაც, ჩემი მოწინააღმდეგე იყოს. ასეთ რამეს არც ვიკადრებ და იმ ადამიანსაც ცუდად ვუყურებ, ვისაც უნდა, რომ ჩემი პიროვნება ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებით დაამციროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის საარჩევნო შტაბს თვალთვალში ადანაშაულებს.

ანა დოლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოქალაქეებთან მის შეხვედრებს იღებენ. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ხელს უშლის, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. ანა დოლიძის მოთხოვნაა, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და საქმე აღიძრას ​ადევნების მუხლით.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 16:11