გია ჯაფარიძე მელაშვილის ბრალზე: სრული ბოდვაა

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2020 16:15

გია ჯაფარიძე მელაშვილის ბრალზე: სრული ბოდვაა

პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება.

ჯაფარიძის თქმით, პროკურორი საბჭოთა ტერმინებით ლაპარაკობდა და და ტერმინი “ისტორიული” ტერიტორია საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.

“26 წელია ივერი მელაშვილი ამ კომისიის წევრია და 26 წელი რუკებს მალავდა? რა სიგიჟეა… ბევრი სხვადასხვა ვერსია მიტრიალებს თავში, მათ შორის რომელიმე სახელმწიფოს ხომ არ მიართვეს ივერი მელაშვილის თავი… სტალინური ტერმინებით ლაპარაკობდა პროკურორი – ისტორიული ტერიტორიებიო. ისტორიული ტერიტორიები სტალინის მოგონილი ტერმინია და საიდან გააცოცხლეს? უაღრესად სახიფათოა ეს ჩვენთის, რას ნიშნავს ისტორიული ტერიტორიები და სად გადის საქართველოს ისტორიული ზღვარი? საქართველო როგორც ნაციონალური სახელმწიფო 1918 წლამდე არ არსებობდა. სად ავლებენ ამ საზღვრებს? სრული ბოდვაა”, – აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ივერი მელაშვილის კოლეგებს მოუწოდებს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ.

“სირცხვილი იმას, ვინც ხმას არ ამოიღებს და მათ შორის ივერი მელაშვილის კოლეგებიც. 26 წლის განმავლობაში ამ კომისიას სხვადასხვა თავმჯდომარე ყავდა, გამოვიდნენ და თქვან ერთი-ორი სიტყვა. ასე ხომ არ შეიძლება, თან ამ დროს, რა ხდება რეგიონში… თითხნიან გიჟურ საქმეს”, – აცხადებს ჯაფარიძე.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.

ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან “შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს”.

ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, “შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს”.

ოპოზიცია საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2020 16:15