ღამის კლუბების მუშაობა კვლავ შეზღუდული რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან მოიხსნება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარების ეფექტური მართვის მიზნით, მოქმედი რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდა, რათა ერთის მხრივ არ გაუარესებულიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შეწყობოდა ეკონომიკის აღდგენას.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის პროცესის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან გაუქმდეს ღამის საათებში – 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა; გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, პირველი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება. ამასთან, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკირკიტაძე – პარლამენტი არ ზრუნავს არც ერთ მოქალაქეზე, შემოდგომაზე უნიკალური შანსია, ეს ადამიანები ხელისუფლებიდან გავუშვათ
შემდეგი სტატიადეგნანი – კარგი იქნება, თუ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და არა მხოლოდ მათი ნაწილი