გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა-რას ნიშნავს ეს?

პარასკევს, 18 იანვარს გერმანიის პარლამენტმა მმართველი პარტიის ინიციატივით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საქართველო ე. წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს. ამით გერმანიის მთავრობა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების შემცირებას ვარაუდობს, ხოლო ისინი, ვისაც თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვათ, დაექვემდებარებიან დეპორტაციას დაჩქარებული პროცედურით. თუ რას ნიშნავს ეს კანონი, ამას “დოიჩე ველე” განმარტავს.

საქართველოს ევროკავშირთან 2017 წლის მარტიდან უვიზო მიმოსვლა აქვს. გერმანიაში თავისუფალი შესვლის შესაძლებლობას იყენებენ არა მხოლოდ ტურისტები, არამედ დანაშაულებრივი ჯგუფები და კრიმინალებიც. გარდა ამისა, გერმანიის შსს თვლის, რომ ბევრი ქართველი ფორმალურად იყენებს მსგავს შესაძლებლობას, ისინი გერმანიაში ჩადიან, რომ თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადონ. 2017 წლის მანძილზე გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა 2,1% საქართველოს მოქალაქე იყო. მათგან, 75%-ზე ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მართალია, თავდაპირველად ქართველები ბინების ქურდობით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ რამდენიმე ხანია ისინი მაღაზიებიდან ჩვილების საკვებს იპარავენ. ასეთი ფხვნილი დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩინეთში, სადაც ადგილობრივ პროდუქტთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის შემდეგ ჩინელები სამამულო წარმოებას არ ენდობიან.

გასული წლის გაზაფხულზე საქართველო უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის მიწის მთავრობამ, სადაც განსაკუთრებით აქტიურობენ ბინის ქურდები, გერმანიის შსს-ს ოფიციალურად სთხოვა ევროკომისია დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოს თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმება გაუუქმონ. ასეთი აქტიური თხოვნის ფონზე საქართველოს მთავრობამ გერმანიას თვითონ სთხოვა ქვეყნისთვის “უსაფრთხო ქვეყნის ” სტატუსის მიენიჭებინა.
მართალია, ეს სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ თავშესაფრის შესახებ თხოვნა არ განიხილება, მაგრამ მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმის ფედერალურ უწყებას ასეთ შემთხვევაში შეუძლია თავი შეიკავოს თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნის განხილვისაგან. ასეთი იყო გათვლაც, რომ თავშესაფრის მიღების შანსი შემცირდეს.

გარდა ამისა, „უსაფრთხო ქვეყნების“ მოქალაქეების საქმეები დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. მოქალაქის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება კი მანამდე შეიძლება მიიღონ, სანამ სასამართლო თავშესაფრის შესახებ განაცხადს განიხილავს. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ძლიან მცირე შანსია.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო აფხაზეთის ელჩი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვეს