გენერალური პროკურორი კონკრეტული პროცედურით შეირჩევა, მთავარია, იყოს პროფესიონალი და სათანადოდ შეასრულოს თავისი ფუნქცია

გენერალური პროკურორი კონკრეტული პროცედურის საფუძველზე შეირჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურა.

მისი განმარტებით, გენერალური პროკურორის კანდიდატურა ჯერ საპროკურორო საბჭო უნდა შეარჩიოს და ამის შემდეგ წარუდგინოს პარლამენტს.

„ვიდრე ამ პროცედურას არ გავივლით, მანამ გაგვიჭირდება რამე კონკრეტული განცხადების გაკეთება. ჯერ საპროკურორო საბჭოს დაველოდოთ. რაც შეეხება ზოგად კრიტერიუმებს, გენერალური პროკურორი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებლად უნდა ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ისეთი გენერალური პროკურორის არჩევას, რომელიც ასეთი პრინციპით იმუშავებს და, რომელიც სათანადო კვალიფიკაციის მქონე კეთილსინდისიერი ადამიანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე, როცა საერთოდ არც დაწყებულა პროცესი, ძალიან ნაადრევია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი.

„აქედან გამომდინარე, ამას მე მორიგ სპეკულაციას დავარქმევდი. სანამ ჩვენ პროცესის რამე ჩანასახი არ გვექნება, მანამ ადრეა ამაზე საუბრის დაწყება. გენერალური პროკურორი ქალიც და კაციც მისაღებია. მთავარია, პროფესიონალი იყოს და სათანადოდ შეასრულოს თავისი ფუნქცია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატს შორისაა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : 2020 წელს მთლიანად საარჩევნო პროცესში ვიქნები ჩართული