გენერალი გოგი თათუხაშვილი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2017 00:03

გენერალი გოგი თათუხაშვილი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

მივმართავ თხოვნით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს!
ბატონო გიორგი, წარმოიდგინეთ რა ძნელია ჩემთვის ამ მიმართვის გაკეთება, რადგანაც არ გთვლით არც ჩემს და არც ქართველი ხალხის არჩეულ პრეზიდენტად. ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, რაც დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია : თქვენ ,,გაზპრომის” ფულით დანიშნული პრეზიდენტი ხართ და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის სათამაშო ბრძანდებით. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არაა, თქვენი შეფი და თანაგუნდელებიც ამას ღიად ლაპარაკობენ.
თქვენ, ,,ენმ”-ის ჩათვლით ყველა პარტია მოიარეთ. ბოლოს სული ,,გაზპრომს” მიჰყიდეთ…
თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება პრორუსული ძალების გააქტიურება. თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში პუტინის შეკვეთით სიკვდილით დაისაჯნენ სპეცოპერაცია ,,კოდორი-2007”-ის მონაწილე ოფიცრები. მათ შორის ჩემი შვილი. თქვენ, ერთი უსუსური განცხადებაც კი არ გაგიკეთებიათ.
თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება სამხედრო პირების, ომის ვეტერანების უკანონო დევნა, დაკავებები.
სანამ თხოვნას ჩამოვაყალიბებდე, მინდა აღვწერო პატარა ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან: 1993 წლის 2 ივლისის ბრძოლებში, სოფელ ძველ კინდღში დაიღუპა 26 შინაგანჯარელი. მათ გმირობაზე მოგვიანებით თვითონ აფხაზები მოგვიყვნენ. მე იმ ბრძოლაში არ ვმონაწილეობდი, რადგანაც შრომის მიმართულებაზე ვიყავით გადასროლილი და იქ დავიჭერი. ივლისის ბოლოს დაღუპული თანამებრძოლების გადმოსასვენებლად რამდენჯერმე დავუკავშირდი აფხაზურ მხარეს და შეხვედრა ვითხოვე. რაზეც უარი მივიღე. იძულებული გავხდი, პირდაპირ შემეთვალა – მოვდივარ, კაცურად დამხვდით. მივუთითე ადგილი და დრო. მე, თავში და ფეხში დაჭრილი, ყავარჯნით, მაიორი გელა მაისურაძე GeLuka Mtacmindeli და კაპიტანი ვაჟა რუსია Viktor Rusia გავუდექით გზას. შევხვდით, კაცურად დაგვხვდნენ. საბოლოოდ მოვილაპარაკეთ, რომ მეორე დღეს დილის ექვსი საათიდან საღამოს ექვს საათამდე დაგვითმობდნენ პოზიციას და უფულოდ, უანგაროდ გაგვიწევდნენ დახმარებას ბიჭების გამოსასვენებლად. რაც შეასრულეს, მადლობა მათ! ასე იქცევიან კაცები, თუნდაც დაპირისპირებულები, თუნდაც ომში!..
გთხოვთ, გამოიყენოთ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება და თქვენი პრეზიდენტობის ბოლო წელი ომის ვეტერანი და სამხედრო პატიმრების საშობაო ამინისტიით დაიწყოთ, რომლებიც ფაქტიურად პოლიტპატიმრები არიან. რომა შამათავა, ზაალ ლატარია, კახა ნაკანი, ბაჩო ახალაია და სხვები. თხოვნას თან ერთვის სია.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვ შეუერთდნენ ჩემს ინიციატივას და საქართველოს პრეზიდენტს მივაწოდოთ სრული სია. ,,ძალა ერთობაშია!”
P.S. არ გამოვრიცხავ, ზოგიერთმა შეწყალებაზე უარი თქვას და ამჯობინოს ციხეში დარჩენა.

 

გენერალი, გოგი თათუხაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2017 00:03