გედევან ფოფხაძე კანაფის კულტივაციაზე – გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისეთი, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის

დიალოგს არ უნდა გავექცეთ, ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისეთი, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს ექსპორტზე გატანის მიზნით კანაფის კულტივაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესი ყველაზე მაღლა უნდა იდგეს.

“მგონია, რომ დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ ჩვენი სინდისიდან და მორალიდან გამომდინარე. არ შეიძლება ადამიანმა უღალატო შენი რწმენის და მსოფლმხედველობის ნაწილს და ბოლომდე უნდა დარჩე ამ აზრზე. დიალოგს არ უნდა გავექცეთ, ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისეთი, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და სახელმწიფოს ინტერესებში იქნება.

არიან ადამიანები, რომლებსაც მოწევაც ნორმალურად მიაჩნიათ. მათაც უნდა ესმოდეთ, საზოგადოების ინტერესი, რომ მომავალი თაობა იყოს ჯანმრთელი, რეალიზებული, განათლებული და თუ ვინმეს გადახრა უნდა და მიაჩნია, რომ პირადი სიამოვნება საჯარო ინტერესზე მაღლა უნდა დააყენოს, ამ უფლებას ვერ წავართმევთ, მაგრამ ამან არ უნდა დააზარალოს საზოგადოებრივი ინტერესი”,- განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კანაფის და მარიხუანას მოხმარება იკრძალება ყველგან, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, აღნიშნულზე ფოფხაძე აცხადებს, რომ პარლამენტი რეგულაციებზე უნდა ჩამოყალიბდეს.

ფოფხაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით, ხარვეზიანი იყო.

“პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ხარვეზიანი და მგონია, რომ სამართლებრივადაც დაუსაბუთებელი. პოლიტიკურად, ინსტიტუციონალურადაც არ არის სწორი, როცა საკანონმდებლო ორგანოს ასეთ ჩარჩოებში აქცევს საკონსტუტუციო სასამართლო და მგონია, რომ ის გაცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. არსებული მოცემულობა დღეს პირდაპირ გვავალდებულებს, რომ არსებული სიცარიელე შეივსოს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევთანხმდეთ, რის შესაძლებლობებს გვაძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ საჯარო ინტერესი და არ დაზარალდეს ჩვენი მომავალი თაობა, არ იყოს განუკითხაობა ამ სფეროშ. ამიტომ რეგულაციებზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუმცა, მგონია, რომ ეს პრეცედენტი მაქსიმალურად დასაფიქრებელია, რაღაცნაირად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ასეთი მოცემულობა სხვა დროს აღარ შეიქმნას არცერთ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ამ წუთებში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა იმართება, სადაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანი: თავს დამნაშავედ ვცნობ და მინდა დავრჩე პატიმრობაში
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა – უწყება საგარეო საქმეში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს