გავრილოვის ვიზიტი საქართველოში – ქუცნაშვილი დუმილს არღვევს

ასე ვარ გაზრდილი, რაღაც საქმეს რომ ვაკეთებ და ბევრი ვართ იმ საქმეში, მერე ერთმა არ უნდა აგოს პასუხი. დავთმე ხალხის მოცემული მანდატი, მაგრამ არ ვაპირებ, დავთმო სიმართლე, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ მანდატი თავისივე ინიციატივით დატოვა, რისთვისაც გუნდმა მადლობაც გადაუხადა.

მისივე განმარტებით, სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ასამბლეის პრეზიდენტი.

“როცა ვამბობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იჯდა, არ გეწყინოთ, ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში კი არ იჯდა, ასამბლეის პრეზიდენტის სკამში იჯდა. ის აქ არ იყო როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ჩამობრძანებული, ან როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი. იქ იჯდა როგორც ასამბლეის პრეზიდენტი”, – განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა მისთვის უხერხული, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი რუსულად მიესალმა საზოგადოებას, ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ “ეს დისკომფორტის შემქმნელი” იყო.

“ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევის შემთხვევა. ჩვენ ეს ვერ დავუშვით”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისივე განმარტებით, ტყუილია თითქოს სერგეი გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, რადგან სინამდვილეში მას ჯარშიც არ უმსახურია და დედით ქართველია.

„ქვეყანა 26 წელია ამ ორგანიზაციის წევრია. ქვეყანა ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. ქაჯობაა, აბა რაა, როცა ქვეყანა დამფუძნებელი წევრი ხარ და იმ ორგანიზაციის მთავარი სხდომის ჩატარებას მიიჩნევ შეცდომად, ქაჯობაა აბა სხვა რა არის? თუ არ გესმით დიპლომატიური ენა, სპორტულ ენაზე დაგელაპარაკებით. ვთქვათ, საქართველო მაგალითად იყოს რაგბის მსოფლიო ოჯახის წევრი და მსოფლიო თასის ჩატარება საქართველოში მიჩნეულ იქნას შეცდომად იმის გამო, რომ რუსეთის ნაკრებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ამ მსოფლიო თასის ჩემპიონატში. დაახლოებით, ასეთი უხეში ანალოგია შეიძლება იყოს”, – მიმართა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ”თბილისობის” დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ