გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მარტვილის კანიონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

iuytგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მარტვილის კანიონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მარტვილის კანიონში ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ მარტვილის კანიონი არის დაცული ტერიტორია, ბუნების ძეგლი და მისი გასხვისება კანონს ეწინააღმდეგება – შესაბამისად მისი გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება!

განვმარტავთ, რომ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტზე, წლების განმავლობაში არსებული უამრავი პრობლემა მოუგვარებელი ვერ დარჩებოდა. იმისთვის, რომ მარტვილის კანიონმა ტურისტული სეზონისთვის ვიზიტორები მოწესრიგებულ, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესატყვის გარემოში მიიღოს, 2015 წლის ნოემბრიდან შენდება ვიზიტორთა ცენტრი ბილიკებით, ხიდებით, ნავმისადგომითა და ყველა აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურით. რეაბილიტაცია უტარდება დადიანების ისტორიულ კიბესა და წისქვილს.

კანიონზე ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესით გადაეცა შპს-ს „ოფუცხოი,“ რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული. სერვისის გადაცემა მოხდა გარკვეული პირობებით, რომლებიც, ძირითადად, ვიზიტორთა უსაფრთხოებას უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დიდი ხანია, უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვს კანიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. შედეგად, მიღწეულია უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური შეთანხმება, როცა სახელმწიფო აფინანსებს და აშენებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურას, ხოლო მასზე ტურისტული სერვისის მართვას იღებს ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული კომპანია.
სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანი ამ პროცესში დისონანსის შეტანასა და მშენებლობის პროცესის ხელის შეშლას ცდილობს. თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეყოფა გონიერება, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და მოემზადოს ტურისტული სერვისის ეფექტური მართვისათვის. ერთობლივი ძალისხმევით მალე ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ კანიონის სტუმრებს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალახ აბედსლამმა უარი განაცხადა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ მხარი დაუჭირა ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას