განათლების რეფორმამ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩავდგეთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში

განათლება არის ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი, ამ რეფოrმამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმა იქნება დაკავშირებული ბევრი პრობლემის აღმოფხვრასთან, რადგან მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას, განათლების მინისტრთან ერთად, მომავალ კვირას წარუდგენს.

„ჩვენ რამდენიმე ფაზად დავყავით ეს რეფორმა, პირველი ნაბიჯები – რომელიც უკვე გადავდგით. ამის შესახებ პრეზენტაციას განათლების მინისტრთან ერთად მომდევნო კვირას ვაპირებ. შემდეგი ნაბიჯი გვექნება მაისში და ამის შემდეგი ეტაპი იქნება შემოდგომაზე. ამ რეფორმის წარმატება გამოიხატება იმაში, რომ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს განათლების სექტორის დომინანტობა ჩვენს ეკონომიკაში, რათა საქართველოში შევქმნათ განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩამორჩენა 90-იან წლებში, როდესაც განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვფხვრათ და განათლება და ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს პარალელურად. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში ჰქონდეს მინიმუმ 10-12-პროცენტიანი წილი. ეს არის ის მინიმალური ოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ერისთვის, მათ შორის ქართველი ერისთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა, მისი განვითარება, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის განვითარება და კონკურენტუნარიანობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხო სასკოლო განათლებას და აღნიშნა, რომ სკოლა არის ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ფუნდამენტი.

„ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ. სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ მომავალ თაობას მივცეთ განათლება. რა თქმა უნდა, გამოცდები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომ განათლების სისტემა იყოს წარმატებული, მაგრამ თუ ავიღებთ ყველაზე წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას, ვნახავთ, რომ გამოცდები არ არის უნივერსალური იდეა. უნივერსალური იდეა გახლავთ ცოდნის მიღება და ადამიანური კაპიტალის შექმნა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სკოლაში უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავაანონსეთ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში გვაქვს ბულინგის პრობლემა და ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაიდო ამ პრობლემასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვფიქრობ, იქნება წარმატებული. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს სკოლებში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს ვირთხა გელა დუმბაძე არის გაქანებული ნაცი”
შემდეგი სტატიავენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება