გამგებელი: ოკუპირებულ ახალგორში 21 მოსწავლე იძულებით იზოლაციაშია

ოკუპირებულ ახალგორში 21 მოსწავლე იძულებით იზოლაციაშია. ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა. მოზარდები ზამთრის არდადეგების დროს ახალგორის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ კი ისინი იძულებით აღმოჩნდნენ იზოლაციაში. ე.წ. გამშვები პუნქტი უკვე ერთი თვეა ჩაკეტილია. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გამგებლის თქმით, მოზარდები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ამის გამო კი ვერც სკოლაში დადიან.

“სკოლის მოსწავლეების გარდა ასეთ მდგომარეობაშია რამდენიმე სტუდენტი არის. მოზარდების პარალელურად პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ახალგორსა თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული პირებიც”, – ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

კერძოდ, თინიკაშვილის თქმით, 14 პედაგოგი ოკუპირებულ დაბაში შესვლას ვერ ახერხებს, შესაბამისად, გაკვეთილებიც უცდებათ. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი კი ახალგორშია ჩარჩენილი და უკვე 1 თვეა ვერ გამოდის, რომ სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულოს.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ასევე ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებითაც.

“არაერთი ქრონიკული პაციენტია, ვისაც წამალი მუდმივად ესაჭიროება. უამრავი დასახელების მედიკამენტი კი ცხინვალის რეგიონში არ არის. შესაბამისად, ეს ადამიანები იძულებულები არიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაუკავშირდნენ ახლობლებს, ნაცნობებს და სთხოვონ მედიკამეტები ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს, ტაქსებს გაატანონ. შემდგომ ამ წამლებს ვლადიკავკაზიდან უგზავნიან ოკუპირებულ ცხინვალში დარჩენილებს. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ დროს მოითხოვს და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად ზრდის”, – ამბობს გამგებელი.

ნუგზარ თინიკაშვილი დეფაქტო რეჟიმს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების მოხსნას სთხოვს.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციასთან დაკავშირებით imedinews-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში უთხრეს, რომ მოსწავლეებისა და სხვა პირთა შესახებ ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომ მათ უკან დაბრუნება შეძლონ:

“ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნირორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო მინისტრის აპარატი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლება აღდგეს”, – განაცხადეს უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში სკოლა დაიწვა
შემდეგი სტატიასოხუმში H1N1 ვირუსი 16 პირს დაუდგინეს