გაჩეჩილაძის ბრალდებები ტენდერებზე – ოპოზიციას და მმართველ გუნდს შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ

„სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებებს პარლამენტში პასუხობენ. უმრავლესობის წევრებს სადავო ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ და გადაცდომებს გამორიცხავენ. ოპოზიციაში კი მიუთითებენ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში დარღვევები მრავლადაა და გიორგი გაჩეჩილაძის კომპანიის შემთხვევა ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საგამოძიებო უწყებების ჩართვის აუცილებლობას ხედავს.

„სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავისი მოქალაქეები იმ კერძო პირებისგან, ვინც სახელმწიფო მეწველი ძროხა ჰგონია,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი პრემიერის გაცხადებას დადებითად აფასებს, სადაც ვოლსკის თქმით, დასაბუთებულია ტენდერის სამართლიანად ჩატარება.

„ამ შემთხვევაში გიორგი გაჩეჩილაძეს კი არ უპასუხა პრემიერმა, უპასუხა იმ გავრცელებულ ხმას, რომელიც მიმართული იყო მთავრობის დისკრედიტაციისკენ,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

„ყველა ტენდერი, დაწყებული გზებით, დამთავრებული მანქანებით, ეს არის გათვლილი მთავრობასთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებისთვის,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავის მე-17 ციხის გუშაგს, რომელიც მასზე მინდობილი იარაღით გაიქცა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატიამაუწყებელი დღეს უმრავლესობის ინტერესებსაც არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს